ჯერ ნაადრევია საუბარი იმაზე, გადაიხედება თუ არა საახალწლო პერიოდისთვის დაგეგმილი შეზღუდვების შემსუბუქება. რიცხვები გვიჩვენებს, რამდენად საჭიროა შეზღუდვების მოხსნა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
„შეზღუდვებთან დაკავშირებით ყოველდღიურად ვმსჯელობთ. ამ ეტაპზე გვაქვს სტაბილური მაჩვენებელი, რომელიც ბოლო ერთი კვირაა, ნარჩუნდება. ჯერ არ გვაქვს მიღებული შავი პარასკევის ეფექტი, დაახლოებით ერთ კვირაში შევძლებთ იმის შეფასებას, თუ რა გავლენა იქონია ამ ყველაფერმა. შესაბამისად, ჯერ ნაადრევია საუბარი იმაზე, გადაიხედება თუ არა საახალწლო პერიოდისთვის დაგეგმილი შემსუბუქება. რიცხვები გვიჩვენებს, რამდენად საჭიროა შეზღუდვების მოხსნა. სპონტანურად გადაწყვეტილებებს არ ვიღებთ. ჩვენ ვაკვირდებით დინამიკას, ინფექციის მატებას, ლეტალობის შემთხვევებს, კლინიკების გადატვირთულობას. ამ ყველაფრის გაანალიზების შედეგად იქნება მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება“, - განაცხადა ტიკარაძემ.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 178 953 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 148 332-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 657 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
imedinews.ge