საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ეკატერინე ტიკარაძე კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისი კომისიის წევრებს შეხვდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ვაქცინაციის დანერგვის გეგმის შემუშავებასა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. განიხილეს „კოვაქსის“ პლატფორმიდან ვაქცინის მიღების შესაძლებლობა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა პრიორიტეტული ჯგუფების განსაზღვრის საკითხსაც. კერძოდ საუბარია სამედიცინო პერსონალზე, ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებზე, ხანდაზმულ მოქალაქეებზე, სტრატეგიული მნიშვნელობის დაწესებულებებში მომუშავე ადამიანებზე და სხვ.
„ჯგუფის წევრებთან ერთად იმ შესაძლებლობებზე ვიმსჯელეთ, რომელიც კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვასთნ დაკავშირებით ქვეყანაში გვაქვს. ყველა ის ვაქცინა განიხილება , რომელსაც კარგი პერსპექტივა აქვს, იმისთვის რომ მოკლე ხანში მისი გამოყენება ფართო მასშტაბით იყოს შესაძლებელი. განხილული იყო „კოვაქსის“ პლატფორმიდან ვაქცინის მიღების შესაძლებლობაც. შეხვედრაზე საუბარი შეეხო პრიორიტეტულ ჯგუფებსაც. აქ მოიაზრება სამედიცინო პერსონალი, ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები, ხანდაზმულები და სტრატეგიული მნიშვნელობის დაწესებულებებში მომუშავე ადამიანები“- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით , მნიშვნელოვანია ქვეყანაში ვაქცინაციის შემოსატანად მოკლე გზა მოიძებნოს.
„მოსახლეობის პირველი 20%-ისთვის „კოვაქსის“ პლატფორმაზე განაცხადი გაკეთებულია. მისი ვადა 2021 წლის გაზაფხულია, მაგრამ მანამდე ვმუშაობთ აქტიურად , რათა მოიძებნოს მოკლე გზა ვაქცინაციის ქვეყანაში შემოსატანად. ეს შესაძლებელია იყოს ევროპის ქვეყნებთან უშუალო კომუნიკაცია, სხვა ქვეყნების მიერ შეძენილი ვაქცინის ნაწილის გამოყენება ან პირდაპირ მწარმოებლებთან ვაქცინის მოპოვება. ჩვენ ყველა შესაძლო ვარიანტს განვიხილავთ“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.