საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის შემთხვევათა მართვის კლინიკური ჯგუფის წევრებს შეხვდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო covid-19-ის პრევენციისა და მკურნალობისთვის საქართველოში მონოკლონური ანტისხეულების დანერგვის პერსპექტივას.
გარდა ამისა, კლინიკური ჯგუფის წევრებმა პოსტკოვიდური პერიოდის მონიტორინგის საკითებზეც ისაუბრეს, რაც კოვიდ 19-ის შემდგომ მენეჯმენტსა და მართვას ითვალისწინებს.
„შეხვედრაზე განვიხილეთ მიმდინარე საკითხები, რომელიც კლინიკური შემთხვევების მართვის ხარისხის გაუმჯობესებას უკავშირდება. ვისაუბრეთ , საქართველოში მონოკლონური ანტისხეულების დანერგვის პერსპექტივაზეც. ამ მიმართულებით თანამშრომლობა უკვე შემოგვთავაზა რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ. კლინიკურმა ჯგუფმა პოსტკოვიდური პერიოდის მონიტორინგის საკითხებზეც იმსჯელა, თუ რა გამოკვლევებია აუცილებელი ამ პერიოდში “- ამის შესახებ მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.