განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, იმ სკოლებში, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული, სწავლა 1 კვირის განმავლობაში მხოლოდ დისტანციური რეჟიმით იწარმოებს.
როგორც დგებუაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება მოსახლეობის ჯანმრთელობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიღეს.
„სასწავლო პროცესი განათლების სისტემაში კვლავ შერეული ფორმით მიმდინარეობს - სკოლების ნაწილში დისტანციური ფორმით და ნაწილში საკლასო ოთახებში. იმ სკოლებში, სადაც ფიქსირდება კოვიდინფექცია, სამინისტრო ეპიდემილოგენთან ერთად წერტილოვნად მართავს პროცესებს.
მოგეხსენებათ, არჩევნების უბნების ძირითადი ნაწილი სასკოლო სივრცეში მდებარეობს. იმის გამო, რომ დავიცვათ თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რისკები ავიცილოთ თავიდან მიღებულია გადაწყვეტილება, რომ სავარაუდოდ, ერთი კვირის განმავლობაში, იმ სკოლებში, სადაც განთავსებულია საარჩევნო უბნები, სწავლება გადავა დისტანციური ფორმატზე. მომდევნო კვირაში კვლავ განახლდება სასწავლო პროცესი ჩვეულებრივ ფორმატში“, - განაცხადა დგებუაძემ.
IPN.GE