„ეიპიემ ტერმინალსმა“ ოფიციალურად განაახლა ფოთის ნავსადგურის გაფართოების პროექტის ფარგლებში საჭირო ნებართვების მიღების პროცესი, – ამის შესახებ „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენერალურმა დირექტორმა, კელდ მოსგაარდ ქრისტენსენმა განაცხადა.
მისი თქმით, „ეიპიემ ტერმინალს ფოთი” პროექტის განსახორციელებლად მზადყოფნას გამოთქვამს, რომ საქართველოს ჰქონდეს თანამედროვე ლოგისტიკური კარიბჭე, რომელიც მოემსახურება „პანამაქსის“ ტიპის გემებს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.
გენერალური დირექტორის განცხადებით, ნებართვის მიღება სამსაფეხურიანი პროცესია და მის საბოლოო ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი აქვს.
„ეკონომიკის მინისტრი დაგვპირდა, რომ ჩვენ გვექნება ეს საწყისი ნებართვის თანხმობა თვის ბოლოს, 26 მარტისთვის. სრული პროექტის ღირებულება არის 1 მილიარდ ლარამდე. ჩვენით დავაფინანსებთ ყველაფერს, მთავრობის მიმართ ერთადერთი თხოვნა გვაქვს, რომ უზრუნველყოს ჩვენი წვდომა ტერმინალზე, როგორც გზებზე, ისე სარკინიგზო მიმართულებით“, – განაცხადა „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენერალურმა დირექტორმა, კელდ მოსგაარდ ქრისტენსენიმა.
2020 წლის 11 თებერვალს, „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ მიმართა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიწათსარგებლობის ნებართვის მისაღებად, ფოთში ახალი, ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისათვის, რაც სამშენებლო ნებართვის მიღების ოფიციალური სამსაფეხურიანი პროცედურის საწყის ეტაპს წარმოადგენს.
1tv.ge