ეგვიპტეში, საკრუიზო ლაინერ Luxor Nile-ის 45 მგზავრს Covid-19 ტიპის ახალი კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ეგვიპტის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.
მისი თქმით, ინფიცირებულთა შორის არის 19 უცხოელი. საერთო ჯამში, ლაინერის ბორტზე 171 ადამიანი იმყოფება, მათ შორის 101 უცხოელი და ეგვიპტის 70 მოქალაქე.
ეგვიპტეში, ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 14 თებერვალს გამოვლინდა. ინფექციის მატარებელი კი უცხოელი აღმოჩნდა.
2019-nCoV ტიპის ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 106 165 ადამიანი შეადგინა. ვირუსის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი 3 594-მდე გაიზარდა.
დაღუპულთაგან თითქმის ყველა ჩინეთის ტერიტორიაზე გარდაიცვალა, ხოლო რაც შეეხება დანარჩენს – 2 მათგანი ჰონგ-კონგში დაიღუპა, 1 – ფილიპინებზე, 6 – იაპონიაში, 1 – ტაივანში, 11 – საფრანგეთში, 6 – საკრუიზო ლაინერ Diamond Princess-ზე, 233 – იტალიაში, 50 – სამხრეთ კორეაში, 145 – ირანში, 17 – აშშ-ში, 4 – ავსტრალიაში, 1 – ტაილანდში, 4 – ერაყში, 10 – ესპანეთში, 1 – სან მარინოში, 1 – შვეიცარიაში, 2 – დიდ ბრიტანეთში, 1 – არგენტინაში, 1 – ნიდერლანდებში.
საერთო ჯამში ახალი კორონავირუსისგან 56 642 პაციენტი განიკურნა.
ახალი ტიპის კორონავირუსმა, 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთის ქალაქ უხანში იფეთქა. უხანი კი პროვინცია ხუბეის ეკუთვნის. შემდეგ ვირუსის შემთხვევები აგრეთვე დაფიქსირდა ჩინეთის ყველა რეგიონში, იაპონიაში, სინგაპურში, ტაილანდში, აშშ-ში, კანადაში, საფრანგეთში, რუსეთში და კიდევ სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში.
Ipress