„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი“ (EBRD) და საქართველოს მთავრობა კორონავირუსის პანდემიის პირობებში ქვეყნის ეკონომიკის წინაშე არსებული გამოწვევებზე საპასუხოდ თანამშრომლობას აღრმავებენ. ამის შესახებ EBRD-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
„სოლიდარობის პაკეტის“ ფარგლებში EBRD 38 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, ჯამში 1 მილიარდ ევროს გამოუყოფს. როგორც საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს, აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის მმართველ დირექტორს მატეო პატრონისა და კავკასიის რეგიონული დირექტორს კატარინა ბიორლინ ჰანსენს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრისას აღინიშნა, ბანკის მიერ გამოყოფილი თანხა ადგილობრივ კომპანიებს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სირთულეების დაძლევაში უნდა დაეხმაროს.
მატეო პატრონიმ ხაზი გაუსვა EBRD-სა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის მჭიდრო თანამშრომლობას და იმ ზომებს, რომლებსაც საქართველოს მთავრობა დგამს კრიზისთან ბრძოლის ფარგლებში.
„გადაუდებელი მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში EBRD-მა შექმნა „გამძლეობის ჩარჩო”, რათა უზრუნველეყო დაფინანსება იმ კლიენტებისთვის, რომელთაც მყარი ბიზნეს საფუძვლები აქვთ და დროებით საკრედიტო სირთულეებს აწყდებიან. ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ დამატებითი ზომები საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად მისი ეკონომიკის მხარდასაჭერად“, - განაცხადა მატეო პატრონიმ.
„EBRD მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინვესტორთა საბჭოს საშუალებით კერძო და საჯარო სექტორს შორის დიალოგის წარმართვაში, კერძო სექტორის რეალური და დაუყოვნებელი საჭიროებების შეფასების მიზნით.
EBRD წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია საქართველოში. ქვეყანაში მუშაობის დაწყების დღიდან, ბანკმა 249 პროექტში 3,7 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. პროექტები ფინანსურ, კორპორატიულ და ენერგო სექტორებს მოიცავს, ინვესტიციების 87% კი კერძო სექტორზე მოდის“, - აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
imedinews.ge