ძალიან მალე, საქართველო შეიძლება გახდეს ერთ-ერთი მოწინავე და პირველი ქვეყანა, სადაც ტურისტები დაიწყებენ მოგზაურობას- ამის შესახებ გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.
„კრიზისიდან გამოსვლის შემდეგ, ალბათ, პირველი ეტაპი იქნება ადგილობრივი ტურიზმი. დაიწყება ქვეყნის შიგნით მოგზაურობა და სწორედ ამაზე იქნება აგებული ალბათ მენტალური წნეხის გადალახვა. რაც შეეხება საქართველოს, მე თავიდანვე ვუყურებდი იმ ნაბიჯებს, რომელსაც ჩვენი ქვეყანა და მთავრობა ახორციელებდა. ნაბიჯები იყო ძალიან ეფექტური; საქართველოში ინფიცირებულთა რიცხვი მცირეა. რაც შეეხება ქართულ ტურიზმს, პირველი, რაც ნებისმიერმა ადამიანმა უნდა გააკეთოს, უნდა გაითვალისწინოს ის რეკომენდაციები, რასაც მთავრობა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აძლევს. ძალიან მალე, საქართველო შეიძლება გახდეს ერთ-ერთი მოწინავე და პირველი ქვეყანა, სადაც ტურისტები დაიწყებენ მოგზაურობას. შეიძლება ისტორიულიც აღმოჩნდეს UNWTO-ს აღმასრულებელი საბჭოს სხდომის ჩატარება თბილისში“, - განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.