„თუ ნორმალური გარემო არ გვექნება საქართველოში, ეს ყველასთვის მტკივნეულ შედეგებს მოიტანს. თუ მთავრობასა და ოპოზიციას არ სურს შეაჩეროს ამ კრიზისის გაღრმავება, ბიზნესი აღდგენას საერთოდ ვერ შეძლებს,“- „ევროპული ბიზნეს ასოციაცია“ „კომერსანტთან“ საუბრობს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების საინვესტიციო გარემოზე შესაძლო გავლენებზე და განმარტავს, რომ კოვიდრეგულაციების შედეგაც ისედაც დაზარალებულმა ბიზნესმა შესაძლოა აღდგენა საერთოდ ვერ შეძლოს.
„ევროპის ბიზნეს ასოციაციის ყველა წევრი ახლა ძალიან შეშფოთებულია. საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისთვის მთავარი ფაქტორი პოლიტიკური სტაბილურობაა. მიმდინარე სიტუაციის გათვალისწინებით კი ეს სულაც არ გვაქვს სახეზე. ნახევარ წელიწადზე მეტია, რაც ეს პოლიტიკური არასტაბილურობა გრძელდება და ძალიან მტკივნეულია ბიზნესებისთვის. ბიზნესი უკვე ისედაც დაზარალდა კოვიდსიტუაციისა და შეზღუდვების გამო, მე ძალიან გაკვირვებული ვარ როგორ შეინარჩუნა საქართველოში ბიზნესმა თავისებური სიმყარე. ახლა მთელი ბიზნესგარემო დიდი დარტყმის ქვეშაა და იმედი მაქვს, რომ აქედან კიდევ უფრო დაზარალებული არ გამოვა. ჯერ კიდევ იმედებს ვინარჩუნებ. ჩვენ მხოლოდ ბიზნესის კეთება გვინდა, დარწმუნებული ვარ მოსახლეობის 90 პროცენტსაც არ უნდა პოლიტიკის კეთება. ჩვენ გვინდა წინ წავიდეთ. იმედი მაქვს სტაბილურობის გზას ბიზნესი მაინც იპოვის საქართველოში და შენარჩუნდება უკვე არსებული ინვესტიციები. ახლა გვჭირდება რომ ეს კრიზისი დასრულდეს, რადგან ბიზნეს ასოციაცია ვერ შეძლებს თავისი საქმის კეთებას, ეს გვაზიანებს ჩვენ და ვალუტას. სასამართლო სისტემის პრობლემა, ბიუროკრატია - წლებია ისედაც დიდი პრობლემაა. კოვიდამდეც რთული იყო არსებობა, ახლა უბრალოდ დროს ვკარგავთ. ევროპის ქვეყნები აღდგენას ცდილობენ, საქართველოში ამას ვერ ვხედავ,“ - განმარტავს ევროპული ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ჯონ ბრაეკეველდტი.
ნიკა მელიას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა, 18 თებერვალს პრემიერი გიორგი გახარია გადადგა, მისი თქმით სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ფორმასთან დაკავშირებით გუნდში კონსესუსს ვერ მიაღწია. მთელი ამ დროის განმავლობაში, დაკავებამდე მელია სხვა ოპოზიციური პარტიის წევრებთან ერთად ნაციონალური მოძრაობის ოფისში იმყოფებოდა.
მარიამ მორგოშია