28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით, სათხილამურო კურორტებზე - ბაკურიანი, გუდაური, გოდერძი და მესტია დამატებითი შეზღუდვები შემოდის. კერძოდ, სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად; ასევე, ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.
Snow Plaza Bakurian-ში აცხადებენ, რომ მსგავსი სახის შეზღუდვები სეზონზე, სასტუმროებისთვის დამღუპველი იქნება.
„წარმოდგენა არ გვაქვს როგორ უნდა მოვიქცეთ და რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ გადავრჩეთ, დიდ ზარალზე ვართ და დღეს მთავრობის მიერ გაჟღერებული ეს ინფორმაცია ჩვენთვის დამღუპველია. ალბათ ძალიან ბევრი სასტუმრო დაიხურება და ვერც შემდეგ სეზონზე გაიხსნება. ის პერიოდი რომელიც ჩვენი მუშაობის პიკია და რითაც მთელი წელი ვარსებობთ, დახურულები უნდა ვიყოთ.
რაც შეეხება ინფორმაციას რომ, ზოგიერთი სასტუმრო შესაძლოა კოვიდ-სასტუმროებად გადაკეთდეს, ჩვენ შემთხვევაში ესეც ვერ მოხერხდება, რადგან აპარტამენტის ტიპისაა“, - აცხადებენ Snow Plaza Bakurian-ში.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიას ინფორმაციით, ტურიზმის სექტორი ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდება, როგორც მან აღნიშნა, საშემოსავლო გადასახადი, რომელიც გადაუვადდათ, სრულად ჩამოეწერება ტურიზმის სექტორს. სასტუმროში Snow Plaza Bakuriani აცხადებენ, რომ ქონების გადასახადისგან გათავისუფლება კარგია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.
„არა მხოლოდ ქონების გადასახადისგან გათავისუფლება, არამედ ყველა სახის გადასახადისგან უნდა მოხდეს ჩვენი განთავისუფლება, თუმცა ალბათ ესეც არასაკმარისი იქნება, რადგან ხელფასებს უკვე ვეღარ ვიხდით, თანამშრომლები უხელფასო შვებულებაში გვყავს გაშვებული, საარსებო მინიმუმით მაინც უნდა უზრუნველგვყონ“, - აცხადებენ სასტუმროში.
ნინო თამაზაშვილი