ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი „ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარის პოსტზე წარადგინეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Politico ავრცელებს.
„დონალდ ტუსკი ევროპელი ქრისტიან-დემოკრატების წამყვანი პოლიტიკოსია. მთელი ევროპა, მათ შორის „ევროპის სახალხო პარტიის“ მოქმედი ლიდერი ჯოზეფ დოული მას პარტიის თავმჯდომარეობის კენჭისყრას სთავაზობდა“, - განაცხადა პოლონეთში დონალდ ტუსკის პარტიის „სამოქალაქო პლატფორმის“ ლიდერმა გჟეგოჟ სხეტინამ.
მანამდე ტუსკმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილებას ნოემბერში მიიღებს. „ევროპის სახალხო პარტია“ ახალ თავმჯდომარეს 21-22 ნოემბერს, ზაგრებში პარტიის ყრილობაზე აირჩევს.
გარდა ამისა, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტუსკმა, შესაძლოა, 2020 წელს პოლონეთის პრეზიდენტის პოსტზე იყაროს კენჭი, თუმცა თავად ტუსკს ეს ინფორმაცია არასდროს დაუდასტურებია.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტზე 1-ელ დეკემბერს ტუსკს ბელგიის პრემიერმინისტრი შარლ მიშელი ჩაანაცვლებს.
imedinews.ge