მსოფლიო დიდ საფასურს იხდის იმისთვის, რაც ჩინეთმა ჩაიდინა, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.თეთრ სახლში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა ჩინეთის ხელისუფლება კორონავირუსის ეპიდემიის შესახებ მსოფლიოს დაგვიანებულ ინფორმირებაში დაადანაშაულა.
„უკეთესი იქნებოდა, თუ ამის შესახებ რამდენიმე თვის წინ გავიგებდით. შესაძლებელი იქნებოდა ვირუსის შეკავება ჩინეთის იმ რაიონში, სადაც ის გაჩნდა. მსოფლიო დიდ საფასურს იხდის იმისთვის, რაც ჩინეთმა ჩაიდინა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
18 მარტს აშშ-ის უსაფრთხოების ეროვნულმა საბჭომ ჩინეთის ხელისუფლება ეპიდემიის გაჩენის შესახებ ინფორმაციის დამალვაში გააკრიტიკა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge