აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გააკრიტიკა, რომელიც, მისი თქმით, ძირითადად აშშ-ის მიერ ფინანსდება.
„ჯანმომ მართვის სადავეები ხელიდან გაუშვა. მიუხედავად იმისა, რომ ჯანმოს ძირითადად აშშ აფინანსებს, იგი ჩინეთზეა ძალიან ორიენტირებული. ჩვენ ყურადღებით შევისწავლით ამას. საბედნიეროდ, თავიდანვე უარი ვთქვი მათ რჩევაზე, ჩინეთთან ჩვენი საზღვარი ღიად დაგვეტოვებინა. რატომ მოგვცეს ასეთი მცდარი რეკომენდაცია?“ - დაწერა დონალდ ტრამპმა Twitter-ზე.
მანამდე Fox News-მა გამოაქვეყნა ვრცელი სტატია, სადაც ნათქვამია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პანდემიაზე ჩინელი კომუნისტების პასუხისმგებლობის შერბილებას ცდილობს. არიზონელმა სენატორმა მარტა მიკსალომ კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი ტედროს ადან გერბეისუსი მსოფლიოს მოტყუებაში დაადანაშაულა. ამერიკელ სენატორებს, რომლებიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ჩინეთის კომუნისტური პარტიის მორჩილებაში ადანაშაულებენ, ტედ კრუზიც შეუერთდა.
„მთელი პანდემიის განმავლობაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინეთის კომუნისტური პარტიის ნებას ემორჩილება. ორგანიზაციამ დაკარგა ნდობა, რომელიც საჭიროა ეფექტური მუშაობისთვის“, - წერს სენატორი Twitter-ის გვერდზე.
Imedinews.ge