აშშ-ის ხელისუფლება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბიუჯეტში შენატანის გაკეთების შეჩერების საკითხს შეისწავლის. ამის შესახებ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„ჯანმომ აშშ-სგან დიდი ოდენობით თანხები მიიღო. მათ გააკრიტიკეს ჩემი გადაწყვეტილება, როდესაც აშშ-ში მოგზაურობა ავკრძალე. ბევრ რამეზე ცდებოდნენ. ჩინეთზე ძალიან ორიენტირებულნი არიან. უნდა შევისწავლოთ ეს სიტუაცია. ჯანმოზე დახარჯული თანხების გამოყოფის შეჩერებას შევისწავლით“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
7 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გააკრიტიკა, რომელიც, მისი თქმით, ძირითადად აშშ-ის მიერ ფინანსდება.
„ჯანმომ მართვის სადავეები ხელიდან გაუშვა. მიუხედავად იმისა, რომ ჯანმოს ძირითადად აშშ აფინანსებს, იგი ჩინეთზეა ძალიან ორიენტირებული. ჩვენ ყურადღებით შევისწავლით ამას. საბედნიეროდ, თავიდანვე უარი ვთქვი მათ რჩევაზე, ჩინეთთან ჩვენი საზღვარი ღიად დაგვეტოვებინა. რატომ მოგვცეს ასეთი მცდარი რეკომენდაცია?“ - დაწერა დონალდ ტრამპმა Twitter-ზე.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge