Wikileaks-ის დამფუძნებელმა ჯულიან ასანჟმა აშშ-ში ექსტრადიციის წინააღმდეგ ბრძოლის ბოლო ეტაპი მოიგო. მას ახლა უფლება აქვს საქმე დიდი ბრიტანეთის უზენაეს სასამართლოში გაასაჩივროს.
უმაღლესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ასანჟის პოზიცია განხილული უნდა იყოს. ახლა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები გადაწყვეტენ, განიხილება თუ არა მისი საქმე ხელახლა.
გასული წლის დეკემბერში ლონდონის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს აპელაცია დაბალი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე და მისი ექსტრადირება დასაშვებად ცნო.
ასანჟი აშშ-ში 2010 და 2011 წლებში ათასობით საიდუმლო დოკუმენტის გამოქვეყნების გამო იძებნება. მის სახელს უკავშირდება WikiLeaks-ზე 500 000-ზე მეტი საიდუმლო, კლასიფიცირებული ფაილის გამოქვეყნება. მისთვის წაყენებული ბრალდებები 175 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, თუმცა აშშ-ის ადვოკატებმა ბრიტანულ სასამართლოებს განუცხადეს, რომ ყველაზე ხანგრძლივი სასჯელი, რაც კი ოდესმე ასეთი დანაშაულისთვის იქნა დაკისრებული, იყო ხუთი წელი და სამი თვე.
businessformula.ge