ჯოზეფ სტიგლიცი: ყველანაირი ზრდა, რაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში გვქონია, მხოლოდ ზედა ფენებზე აისახა.

ჯოზეფ სტიგლიცი: ყველანაირი ზრდა, რაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში გვქონია, მხოლოდ ზედა ფენებზე აისახა.

access_time2016-05-25 19:12:14

წარმოგიდგენთ ამერიკელი ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომისტის (2001), ჯოზეფ სტიგლიცის 2011 წელს გამოცემა Vanity Fair-ზე გამოქვეყნებული წერილის თარგმანს.

 

სტიგლიცი წლების მანძილზე მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტად და მთავარ ეკონომისტად მუშაობდა. ის ავტორია რიგი ბესტსელერი წიგნების, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ გლობალურ ეკონომიკურ მსჯელობათა ფორმირებაზე. სტიგლიცი ამჟამად კოლუმბიის უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორია.

 

 

ამერიკელები აკვირდებიან იმ მჩაგვრელი რეჟიმების წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო ტალღას, რომელთაც მცირე ელიტების ხელში მოახდინეს მასიური სიმდიდრის დაგროვება. თუმცა ჩვენსავე დემოკრატიაში, ერის მთლიანი შემოსავლის თითქმის მეოთხედს მოსახლეობის მხოლოდ 1 პროცენტი ფლობს, ესაა უთანასწორობა, რომელსაც მდიდრებიც კი ინანებენ.

 

აზრი არ აქვს იმის უარყოფას, რაც სინამდვილეში მოხდა. ყოველწლიურად, ამერიკელების უმდიდრესი 1 პროცენტი შემოსავლის სახით, მთლიანი მოსახლეობის შემოსავლის თითქმის მეოთხედს იღებს. შემოსავლებს რომ თავი დავანებოთ, სიმდიდრის თვალსაზრისით, უმდიდრეს 1 პროცენტს კონტროლი აქვს მთლიანი სიმდიდრის 40 პროცენტზე.

 

მათი მდგომარეობა მკვეთრ გაუმჯობესებას განიცდის. 25 წლის წინ, იგივე მონაცემები პროცენტულად შემდეგნაირად გამოიყურებოდა: ისინი ფლობდნენ მთლიანი შემოსავლების 12 პროცენტს და აკონტროლებდნენ სიმდიდრის 33 პროცენტს. ამ მონაცემებზე რეაგირება შეიძლება იყოს შემდეგნაირი: აღვნიშნოთ მათი გამჭრიახობა და სწრაფვა, რამაც მსგავსი წარმატება მოუტანათ და ვამტკიცოთ, რომ მათი წარმატება სხვებისთვისაც ბიძგის მიმცემი იქნება. მაგრამ, ესეთი შეფასება შეცდომაში შემყვანია. მაშინ როდესაც, ბოლო ათწლეულის მანძილზე უმდიდრესი 1 პროცენტის შემოსავალი დაახლოებით 18 პროცენტით გაიზარდა, საშუალო ფენის შემოსავალმა პირიქით დაიკლო. იმ ადამიანებისთვის, ვისაც მხოლოდ საშუალო სკოლის განათლება აქვთ, შემოსავალმა ბოლო 25 წლის მანძილზე 12 პროცენტით იკლო.

 

ყველანაირი ზრდა, რაც კი ბოლო ათწლეულების განმავლობაში გვქონია, მხოლოდ ზედა ფენებზე აისახა. შემოსავლების უთანასწორობის თვალსაზრისით ამერიკა უკან იტოვებს, ჯორჯ ბუშის სიტყვებით რომ ვთქვათ, ბებერ მოუქნელ ევროპას. ყველაზე ახლოს კი ამ კუთხით ჩვენთან დგანან ოლიგარქიული რუსეთი და ირანი. როდესაც ლათინური ამერიკის უთანასწორობის ძველი კერები, როგორიცაა მაგალითად ბრაზილია, საკმაოდ წარმატებით ცდილობს ღარიბი მოსახლეობის პირობების გამოუმჯობესებას და შემოსავლებს შორის ნაპრალის შემცირებას, ამ დროს ამერიკამ პირიქით დაუშვა უთანასწორობის ზრდა. ეკონომისტებს ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის შუა რიცხვებში ქონდათ მცდელობა გაემართლებინათ მაშინდელი დიდი უთანასწორობა, რომელიც მაშინ საკმაოდ პრობლემატური ჩანდა, თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდან მხოლოდ მკრთალი ანარეკლია იმისა, რაც დღეს ამერიკაში გვაქვს.

 


უთანასწორობის დასაბუთებისთვის მათ შეიმუშავეს ე. წ. „ზღვრული პროდუქტიულობის თეორია“. მოკლედ რომ ავხსნათ ამ თეორიის მიხედვით, მაღალი შემოსავლები დაკავშირებული იყო უფრო მეტ პროდუქტიულობასთან და უფრო მეტი საზოგადოებირივი სიკეთის შექმნასთან. ეს თეორია ყოველთვის დიდ მხარდაჭერას განიცდიდა მდიდრების მხრიდან. თუმცა მისი ვალიდურობა საკმაოდ მყიფეა. კორპორაციების აღმასრულებლებმა, რომელთა ქმედებებმაც ბოლო წლების რეცესია გამოიწვია და რომელთა წვლილიც როგორც საზოგადოებისთვის, ასევე თავიანთი კომპანიებისათვისაც მკვეთრად ნეგატიური იყო, განაგრძეს დიდი ფულადი ბონუსების მიღება. ზოგიერთ შემთხვევაში, კომპანიებმა უხერხულად იგრძნეს თავი ამ ბონუსებისთვის პრემიები ეწოდათ, ამიტომ სახელი გადაარქვეს და უწოდეს „შენარჩუნების ბონუსი“ /“retention bonuses”/ (თუმცა ერთადერთი რისი შენარჩუნებაც ხდებოდა საქმის ცუდად შესრულება გახლდათ).

 

ის ადამიანები, რომელთაც უდიდესი წვლილი შეიტანეს საზოგადოებისთვის სასარგებლო ამა თუ იმ ინოვაციურ გამოგონებაში, იქნება ეს გენეტიკა თუ ინფორმაციული ტექნოლოგიების სფერო, გროშებს გამოიმუშავებენ იმასთან შედარებით, რასაც ფინანსური ინოვაციების ავტორები იღებენ, სწორედ იმ ფინანსური ინოვაციების ავტორები, რომელთაც გლობალური ეკონომიკა ჩამონგრევის საფრთხის წინაშე დააყენა.

 

ზოგიერთი შეხედავს შემოსავლების უთანასწორობას და მხრებს აიჩეჩავს. რა მოხდა თუ ერთი ადამიანი იგებს მეორე კი აგებს? მნიშვნელობა მათი მტკიცებით იმას კი არ აქვს თუ როგორაა გაყოფილი “ღვეზელი“ , არამედ იმას თუ რამხელაა თავად „ღვეზელი“. ეს არგუმენტი ფუნდამენტურად მცდარია. ამერიკის ეკონომიკამ, სადაც მოსახლეობის უმრავლესობის მდგომარეობა წლიდან წლამდე უარესდება, ნაკლებ სავარაუდოა რომ გრძელვადიან პერსეპქტივაში კარგად იმუშაოს.

 

ამას რამოდენიმე მიზეზი აქვს. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ მზარდი უთანასწორობა მხოლოდ მედლის ერთი მხარეა, რომლის მეორე მხარესაც გვაქვს შემცირებული შესაძლებლობები. როდესაც ჩვენ ვამცირებთ თანაბარ შესაძლებლობებს ეს ნიშნავს იმას, რომ უარს ვამბობთ ყველაზე პროდუქტიული გზით გამოვიყენოთ ჩვენი ყველაზე ღირებული რესურსი – ჩვენი ხალხი. მეორე მიზეზი არის შემდეგი: ბევრი ისეთი გადახრა, რასაც უთანასწორობამდე მივყავართ, როგორიცაა მაგალითად ძალაუფლების მონოპოლიზება და შერჩევითი საგადასახადო სისტემა, ძირს უთხრის ეკომომიკის ეფექტურ მუშაობას. ეს ახალი უთანასწორობები იწვევენ მეტ ახალ დეფორმაციას, რაც თავის მხრივ კიდევ უფრო აზიანებს ეკონომიკის ეფექტურობას. მაგალითისათვის, ბევრი განსაკუთრებით ნიჭიერი ახალგაზრდა, ასტრონომიული ფინანსური სარგებლის გამო ფინანსურ სექტორში არჩევს მოღვაწეობას და არა ისეთ სფეროებში, რომელიც უფრო ჯანსაღს და პროდუქტიულს ხდის ეკონომიკას. მესამე და ალბათ ყველაზე მთავარი მიზეზი გახლავთ ის, რომ თანამედროვე ეკონომიკა მოითხოვს „კოლექტიურ მოქმედებას“, მას ჭირდება სახელმწიფო, რომელიც ინვესტიციას განახორციელებს ინფრასტრუქტურაში, განათლებასა და ტექნოლოგიურ სფეროში. შეერთებულმა შტატებმა და ზოგადად მსოფლიომ, დიდი სარგებელი ნახა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული კვლევებით, რომელმაც მიგვიყვანა ინტერნეტის გამოგონებამდე, საჯარო ჯანდაცვის სფეროს გაუმჯობესამდე და ასე შემდეგ. მაგრამ, ამერიკა უკვე დიდი ხანია განიცდის ისეთი სფერობის დაფინანსების შემცირებას, როგორიცაა ინფრასტრუქტურა, (შეხედეთ მაგისტრალების, ხიდების, რკინიგზებისა თუ აეროპორტების მდგომარეობას), საბაზისო კვლევები და განათლების სისტემის ყველა საფეხური. მოსალოდნელია ამ სფეროების დაფინანსების კიდევ უფრო მეტად შეკვეცა. არც ერთი ზემოთ მოყვანილი მიზეზი არ უნდა იყოს გასაკვირი.

 

სწორედ ამ შედეგს ვიღებთ საზოგადოებაში სიმდიდრის ცალმხრივად გადანაწილებისას. რაც უფრო მეტად დაიყოფა საზოგადოება სიმდიდრის კუთხით, მით უფრო ნაკლებად დაინტერესდება მდიდარი დახარჯოს ფული საერთო საჭიროებებისათვის. მდიდარი არ არის დამოკიდებული სახელმწიფოს მიერ მიწოდებულ განათლებაზე, სამედიცინო მომსახურეობასა თუ პირად უსაფრთხოებაზე – მათ ამ ყველაფრის ყიდვა თავად შეუძლიათ. დროთა განმავლობაში კი ისინი იმდენად შორდებიან ჩვეულებრივ ხალხს, რომ იმ ემპათიასაც კი კარგავენ, რაც შესაძლოა ერთ დროს ჰქონოდათ. ასევე, მათ აღელვებთ ძლიერი მთავრობა, რომელმაც შესაძლოა თავისი ძალაუფლება ბალანსის აღსადგენად გამოიყენოს: აიღოს მათი სიმდიდირის ნაწილი და მოახდინოს მისი ინვესტირება საზოგადო სიკეთისთვის. მიუხედავად იმისა, რომ უმდიდრესი 1 პროცენტი შეიძლება უკმაყოფილებას გამოთქვამდეს ამერიკის მთავრობის მისამართით, სინამდვილეში მათ ის ძალიან მოსწონთ: მთავრობა, რომელიც ზედმეტად შეზღუდულია იმისთვის, რომ გადაანაწილოს და ზედმეტად დანაწევრებული იმისთვის, რომ შეძლოს იმაზე მეტის გაკეთება ვიდრე გადასახადების დაწევაა.

 

ეკონომისტებს არ შეუძლიათ ბოლომდე ახსნან მზარდი უთანასწორობა ამერიკაში. გარკვეული როლი უდაოდ ითამაშა ჩვეულებრივმა მოთხოვნა-მიწოდების დინამიკამაც: „შრომის დამზოგავმა“ ტექნოლოგიებმა დაწია მოთხოვნა ბევრ „კარგ“ საშუალო კლასის ე.წ. „ლურჯ საყელოიანთა“ სამუშაო ადგილზე (blue collar). გლობალიზაციამ შექმნა მსოფლიო ბაზარი, სადაც ამერიკის ძვირადღირებული არაკვალიფიციური მუშახელი დაუპირისპირა უცხოელ იაფ არაკვალიფიციურ მუშახელს. თავისი წვლილი შეიტანა ამ ყველაფერში სოციალურმა ცვლილებებმაც, მაგალითად შემცირდა პროფკავშირების რიცხვი, ამჟამად ისინი ამერიკელი მშრომელების მხოლოდ 12 პროცენტს წარმაოდგენენ, როდესაც ადრე ეს რიცხვი მესამედს აღწევდა. თუმცა, დიდ წილად მიზეზი იმისა, თუ რატომ გვაქვს ამხელა უთანასწორობა, მდგომარეობს იმაში, რომ სწორედ ამ 1 პროცენტს სურს ასე. ამის ყველაზე ნათელ მაგალითს წარმოადგენს საგადასახადო პოლიტიკა.

 

მოგების გადასახადზე განაკვეთის დაწევამ, რომელიც მათი შემოსავლის ძალიან დიდ ნაწილს შეადგენს, ფაქტიურად განუსაზღვრელი თავისუფლება მისცა მათ. მონოპოლიები და ნახევრად მონოპოლიები ყოველთვის წარმოადგენდნენ ეკონომიკური ძალაუფლების წყაროს, დაწყებული ჯონ დ. როკფელერიდან გასული საუკუნის დასაწყისში, დამთავრებული ბილ გეითსით საუკუნის დასასრულს. ანტიტრესტული კანონმდებლობის უსიცოცხლო გატარება – განსაკუთრებით რესპუბლიკელების ადმინისტრაციების დროს, ფაქტიურად საჩუქარია უმდიდრესი 1 პოცენტისთვის. დღევანდელი უთანასწორობა უმეტესწილად ფინანსური სისტემის მანიპულაციების შედეგია. ეს მანიპულაციები კი შესაძლებელი გახადა წესებში შეტანილმა იმ ცვლილებებმა, რომელიც თავად ფინანსური ინდუსტრიის მიერ იქნა შეკვეთილი. ეს მათი ყველაზე სარფიანი ინვესტიცია იყო. მთავრობამ ფინანასურ ინსტიტუტებს თითქმის 0 პროცენტად ასესხა ფული და არც ხელსაყრელი პირობებით „ბეილ-აუთები“ (bail-outs) დაიშურა მათთვის, როდესაც სხვა ყველაფერმა კრახი განიცადა. მარეგულირებლებმა თვალი დახუჭეს გამჭვირვალობის ნაკლებობასა და ინტერესთა კონფლიქტებზე. როდესაც ვუყურებთ სიმდიდრის იმ მოცულობას, რასაც უმდიდრესი 1 პროცენტი აკონტროლებს, რთულია არ იფიქრო უთანასწორობაზე როგორც საკუთრივ ამერიკულ მიღწევაზე – თავიდან ამ კუთხით ჩვენ ძალიან ჩამოვრჩებოდით, თუმცა ახლა უთანასწორობა მსოფლიო დონეზე გვაქვს აყვანილი. როგორც ჩანს, ჩვენ ამ მიღწევას მომდევნო წლების განმავლობაში კიდევ უფრო გავაღრმავებთ, ვინაიდან ის რამაც მსგავსი რამ შესაძლებელი გახადა თვით-გაძლიერებადია . სიმდიდრე შობს ძალაუფლებას, რაც თავის მხრივ შობს მეტ სიმდიდრეს. ანაბრებისა და სესხების კრიზის დროს 1980-იან წლებში, რომლის ზომებიც დღევანდელი გადმოსახედიდან უმნიშვნელოც კი ჩანს, ბანკირმა ჩარლზ კიტინგმა, კონგრესის კომიტეტის კითხვაზე: საკმარისი იქნებოდა თუ არა 1,5 მილიონი დოლარი, რომელიც მან რამოდენიმე არჩეულ თანამდებობის პირს შორის გაანაწილა რეალური გავლენის მოსაპოვებლად, მან უპასუხა: „მე ნამდვიალად ამის იმედი მაქვს“. უზენაესმა სასამართლომ „გაერთიანებული მოქალაქეების“ (Citizens United) საქმის დროს მოხსნა შეზღუდვები საარჩევნო კამპანიის მიერ ხარჯვის ლიმიტებზე, რითაც ფაქტიურად მოახდინა კორპორაციების მიერ მთავრობის მოსყიდვის წახალისება. პირადი და პოლიტიკური დღესდღეობით სრულ თანხვედრაშია.

 

ფაქტიურად ა.შ.შ-ს ყველა სენატორი თუ წარმომადგენელთა პალატის წევრი კაბინეტის დაკავებისას უკვე ეკუთვნიან უმდიდრეს 1 პროცენტს, კაბინეტებში მათ ინახავს უმდიდრესი 1 პროცენტი და კაბინეტის დატოვების შემდეგაც ისინი უხვ ჯილდოს ელიან უმდიდრესი 1 პროცენტისგან, მათთვის კარგი სამსახურის გაწევის სანაცვლოდ. მთლიანობაში, აღმასრულებელ შტოში, სავაჭრო და ეკონომიკურ პოლიტიკაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირებიც უმდიდრეს 1 პროცენტს ეკუთვნიან. როდესაც ფარმაცევტული კომპანიები ფაქტიურად ტრილიონ დოლარიან საჩუქარს იღებენ – იმ კანონმდებლობის მეშვეობით რომელიც მთავრობას, წამლების ყველაზე მსხვილ შემსყიდველს უკრძალავს ფასის დაწევასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს – ალბათ არავის გაუჩნდება კითხვა თუ რატომ? ალბათ არც ის გააოცებს ვინმეს, რომ კონგრესიდან ვერ წამოვა ვერანაირი საგადასახადო კანონპროექტის ინიციატივა თუ ის მდიდრებისთვის დიდი გადასახადების ჩამოჭრას არ გულისხმობს. უმდიდრესი 1 პროცენტის ხელში არსებული ძალაუფლების გათვალისწინებით, სისტემის სწორედ ამგვარი მუშაობა იყო მოსალოდნელი. არსებული უთანასწორობა ამერიკულ საზოგადოებას ყველა კუთხით ამახინჯებს. მაგალითისთვის ავიღოთ თუ რა ეფექტი აქვს მას ცხოვრების წესზე, უმდიდრესი 1 პროცენტის გარდა მოსახლეობის უმრავლესობას თავიანთი საჭიროებების დაკმაყოფილების მიღმა უწევს ცხოვრება. „გაჟონვის ეკონომიკა“ (Trickle down) შეიძლება ქიმერაა, მაგრამ „გაჟონვის ბიჰევიორიზმი” საკმაოდ რეალური რამაა. უთანასწორობა ძლიერ ამახინჯებს ჩვენს საგარეო პოლიტიკასაც. უმდიდრესი 1 პროცენტი იშვიათად თუ მსახურობს ჯარში – საქმე იმაშია, რომ „მოხალისეთა“ ჯარში, ანაზღაურება არ არის ისეთი, რომ მათი შვილების მოზიდვა შეძლოს, მათი პატრიოტიზმი კი აქ მთავრდება. უმიდიდრეს კლასს, ასევე არ ემუქრება საომარი ხარჯების გამო უფრო მეტი გადასახადის გადახდა, ვინაიდან ყველანაირი ხარჯის დაფარვა ნასესხები ფულით მოხდება.

 

საგარეო პოლიტიკა არის ეროვნული ინტერესებისა და ეროვნული რესურსების დაბალანსება. მაგრამ, თუ ამ ყველაფერს მდიდარ 1 პროცენტს მივანდობთ, რომლებიც რისკის არავითარ საფასურს არ იხდიან, მაშინ ბალანსისა და შეზღუდვების ცნება ფაქტიურად ქრება. ჩვენთვის არ არსებობს ზღვარი იმისა, თუ რამხელა რისკების აღება გვიწევს, კორპორაციები კი ყოველთვის მომგებიან პოზიციაში არიან. ეკონომიკური გლობალიზაციის წესებიც მდიდრების სასარგებლოდაა შედგენილი, ისინი ხელს უწყობს ბიზნესისთვის ქვეყნებს შორის გამართულ კონკურენციას, რაც იწვევს კორპორაციებისთვის გადასახადის დაწევას, ასუსტებს ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის მექანიზმებს და ძირს უთხრის „ძირითად“ შრომით უფლებებს, რაშიც შედის კოლექტიური მოლაპარეკებების გამართვის უფლებაც. წარმოიდგინეთ როგორი იქნებოდა მსოფლიო, თუ ეს წესები ისე იქნებოდა შემუშავებული რომ ქვეყნები არა ბიზნესისთვის, არამედ მშრომელთათვის უკეთესი პირობების შექმნისთვის გაუწევდნენ ერთმანეთს კონკურენციას. მთავრობები ერთამანეთს შეეჯიბრებოდნენ ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის, საშუალო შემოსავალზე დაბალი გადასახადის დაწესების, კარგი განათლების და სუფთა გარემოს უზრუნველყოფის კუთხით – ესაა ის საკითხები, რაც მშრომელებს აწუხებთ. ხოლო უმდიდრეს 1 პროცვენტს არ ჭირდება ამაზე ფიქრი. ან უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მათ გონიათ რომ ეს საკითხები მათ არ ეხებათ. უმდიდრესი 1 პროცენტის მიერ გამოწვეული ყველაზე მძიმე შედეგი ჩვენი საზოგადოებისთვის ალბათ ჩვენი იდენტობის რღვევაა. იდენტობისა, რომლისთვისაც პატიოსანი თამაშის წესები, თანაბარი შესაძლებლობები და ერთიანობის განცდა ძალიან მნიშვნელოვანია. ამერიკა დიდი ხნის მანძილზე ამაყობდა სამართლიანი საზოგადოებით, სადაც ყველას თანაბარი შანსი აქვს მიაღწიოს წარმატებას, მაგრამ სტატისტიკა საპირისპიროს გვიჩვენებს: ღარიბი ან თუნდაც საშუალო ფენის ამერიკელისთვის დიდი წარმატების მიღწევის შანსი იმაზე დაბალია, ვიდრე ევროპის ბევრ ქვეყანაში. ყველაფერი ამ ადმიანების საწინააღმდეგოდაა მოწყობილი. სწორედ სისტემის უსამართლობისა და შესაძლებლობების არარსებობის განცდა გახდა მიზეზი ახლო აღმოსავლეთში გაჩენილი მასობრივი საპროტესტო აფეთქებებისა: პროდუქტზე მზარდმა ფასებმა და ახალგაზრდობის უმუშევრობამ გამოიწვია შუღლის გაღვივება.

 

ამერიკაში ახალგაზრდების უმუშევრობის მაჩვენებლი 20 პროცენტს აღწევს (ზოგიერთ ადგილებსა თუ სოციალურ-დემოგრაფიულ ჯგუფებში ეს რიცხვი ორჯერ მეტია), ყოველი მეექვსე ამერიკელი სრულ განაკვეთიან სამსახურს ეძებს უშედეგოდ, ხოლო ყოველი მეშვიდე სასურსათო ტალონებზეა დამოკიდებული (დახლოებით იგივე რაოდენობა განიცდის „საკვების დეფიციტს“ ) ამ ყველაფრის გათვალისწინებით ცხადი ხდება, რომ რაღაც აშკარად აფერხებს ე.წ. სიმდიდრის „გაჟონვას“ უმდიდრესი 1 პროცენტიდან ყველა დანარჩენზე. ყოველივე ეს კი ბუნებრივია იწვევს გაუცხოებას – ბოლო არჩევნებში ახალგაზრდების მხოლოდ 21-მა პროცენტმა მიიღო მონაწილეობა, რაც მათი უმუშევრობის დონეს ემთხვევა. ბოლო პერიოდში ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ იკავებს მილიონობით ადამიანი ქუჩებს, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გასაპროტესტებლად რეპრესირებულ საზოგადოებებში. ტუნისსა და ეგვიპტეში მთავროებები დაემხო. საპროტესტო აქციები დაიწყო ლიბანში, იემენსა და ბაჰრეინში. რეგიონის სხვა ქვეყნების მმართველი ოჯახური კლანები თავიანთი პენტ ჰაუსებიდან შეშინებული ადევნებენ თვალს მიმდინარე მოვლენებს, ნერვიულობენ – იქნებიან თუ არა ისინი შემდეგი? – და სამართლიანადაც. ესენი არიან საზოგადოებები, სადაც მოსახლეობის უმნიშვნელო ნაწილი (1 პროცენტზე ნაკლები) მთლიანი სიმდიდრის უდიდეს ნაწილს აკონტროლებს, სადაც სიმდიდრე ძალაუფლების განმსაზღვრელია, სადაც დამკვიდრებული ამა თუ იმ სახის კორუფცია ცხვორების წესადაა ქცეული და სადაც მდიდრები აქტიურად ეწინააღმდეგებიან ისეთი პოლიტიკის გატარებას, რომელიც ხალხის ზოგად მდგომარეობას გააუმჯობესებს. მაშინ როდესაც შორიდან ვაკვირდებით მათ ქუჩებში მიმდინარე ამბოხს, ჩვენ თავადაც უნდა დაგვებადოს კითხვა: როდის მოაღწევს ეს ყოველივე ამერიკამდე ? მნიშვენელოვან წილად ჩვენი საკუთარი ქვეყანა ხომ სწორედ ამ შორეულ პრობლემატურ ქვეყნებს დაემსგავსა. ალექსის დე ტოკვილმა შემდეგნაირად აღწერა მისი თვალით დანახული ამერიკული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ერთი სპეციფიური თავისებურება – „სწორად გააზრებული პირადი-ინტერესი“. ამ აღწერაში მთავარია პირველი ორი სიტყვა. პირადი ინტერესი ყველას გააჩნია, ამ ტერმინის ვიწრო გაგებით: მე დაუყოვნებლივ მინდა ის, რაც ჩემთვის კარგია!. „სწორად გააზრებული“ პარადი ინტერესი კი სხვაგვარია. ეს გულისხმობს იმის გაცნობიერებას, რომ ყველას პირადი ინტერესის გათვალისწინება – სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ საერთო კეთილდღეობა, სინამდვილეში წინაპირობაა საკუთარი კეთილდღეობისა. ტოკვილი არ ამტკიცებდა იმას, რომ ამაში რაიმე კეთილშობილური ან იდეალისტური იყო, სინამდვილეში ის საპირისპიროს ამბობდა. ეს იყო ამერიკული პრაგმატიზმის ნიშანი. ამ მოხერხებულ ამერიკელებს ესმოდათ ერთი ჭეშმარიტება: სხვაზე ზრუნვა არა მარტო მათი სულისთვის იყო კარგი, არამედ მათი საქმისთვისაც. უმდიდრეს 1 პროცენტს შესაძლოა ჰქონდეს საუკეთესო სახლები, საუკეთესო განათლება, ჰყავდეთ საუკეთესო ექიმები და ქონდეთ საუკეთესო ცხოვრების წესი, მაგრამ, ფულით როგორც ჩანს არ შეიძლება ერთი რამის ყიდვა, ესაა იმის გაცნობიერება, რომ მათი ბედი მჭიდროდაა დაკავშირებილი დანარჩენი 99 პროცენტის ცხოვრებასთან. ისტორიულად ეს ისაა, რასაც უმდიდრესი 1 პროცენტი საბოლოოდ ხვდება. ძალიან გვიან.


European.ge



ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამუროფედერაციის ეგიდით მსოფლიო თასის ეტაპი სკიკროსში დასრულდა

ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამუროფედერაციის ეგიდით მსოფლიო თასის ეტაპი სკიკროსში დასრულდა
access_time2021-02-28 17:50:59
...

Forbes: კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი მილიარდებს იყოფენ

Forbes: კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი მილიარდებს იყოფენ
access_time2021-02-28 20:00:27
ამჯერად უკვე ოფიციალურად- კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი ერთმანეთს შორდებიან.ჭორები ამ თემაზე დიდხანს ვრცელდებოდა, თუმცა, ამჯერად საქმემ ოფიციალური ხასიათი მიიღო - კიმ კარდაშიანმა 7-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ გაყრაზე განაცხადი უკვე შეიტანა.ინფორმაცია ამის თაობაზე პირველმა საიტმა TMZ-მა გაავრცელა, კარდაშიანის წარმომადგენელმა ის დაადასტურა. მეუღლეები მშვიდობიან შორდებიან, და მათ 4 შვილზე ერთობლივ მეურვეობაზე...

Forbes: ილონ მასკის კოლეგები მისი კონკურენტები ხდებიან

Forbes: ილონ მასკის კოლეგები მისი კონკურენტები ხდებიან
access_time2021-02-28 19:00:32
კომპანია PayPal მსოფლიოში საყოველთაოდ ცნობილია არა მხოლოდ როგორც ფულადი გზავნილების პირველი ონლაინ სერვისი, არამედ თავისი ე.წ. „მაფიით“ - ანუ, ყოფილი თანამშრომლებით, რომლებმაც მოგვიანებით მრავალი წარმატებული სტარტაპი ან დააარსეს, ან დააფინანსეს.ამ „ბანდის“ ყველაზე ცნობილმა ბოსმა - ილონ მასკმა - „მაფიოზების“ ახალი თაობა აღზარდა, რომელიც დღეს უკვე მას კონკურენციას უწევს.მასკის ყოფილმა თანამშრომლებმა ისეთი ცნობილი კომპანიები,...

რა შეზღუდვები იხსნება ქვეყანაში ხვალიდან?

რა შეზღუდვები იხსნება ქვეყანაში ხვალიდან?
access_time2021-02-28 13:00:02
1-ელ მარტს, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო შემსუბუქდება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მიიღო.ბათუმში 1-ლი მარტიდან, დანარჩენ საქართველოში კი, 8 მარტიდან რესტორნები სტუმრების მიღებას შეძლებენ, შაბათ-კვირის გარდა.კონფერენციები და ტრენინგები...

MOVE - ქართული თამაში მოძრაობის მონეტიზაციის შესაძლებლობით

MOVE - ქართული თამაში მოძრაობის მონეტიზაციის შესაძლებლობით
access_time2021-02-28 15:00:20
კიბერსპორტის სახეობის ელექტრონული თამაში Move მომხმარებელს მონეტაციის შესაძლებლობას აძლევს. Move-ის იდეის ავტორი და დამფუძნებელი ასლან ცივაძის თქმით, მისი მიზანი ისეთი თამაშის შექმნა იყო, რომელსაც მთელი მსოფლიო აიტაცებდა, ექნებოდა აზარტიც და ფინანსური მოგებაც.„2 წლის წინ აშშ-ში მქონდა შეხვედრა რამდენიმე ადამიანთან, რომლებთან ერთადაც ახალი პროექტის გაკეთებას განვიხილავდით. ესეც თამაშის აპლიკაციის იდეა იყო, თუმცა ცოტა სხვანაირი. მთავაზობდნენ,...


მსგავსი სიახლეები

up