საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ეუთო-ს მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა, რომ მინისტერიალის ფარგლებში აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება.
ბორელის თქმით, ის მოუწოდებს აზერბაიჯანსა და სომხეთს, დაინახონ შესაძლებლობა, რომ მიაღწიონ მშვიდობას.
„მინისტერიალის ფარგლებში მექნება შესაძლებლობა, შევხვდე აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს. ვფიქრობ, ეს არის ისტორიული შესაძლებლობა, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობას მივაღწიოთ. ჩვენ მოვუწოდებთ აზერბაიჯანსა და სომხეთს, დაინახონ ეს შესაძლებლობა. ჩვენ მივავლინეთ მისია, რომელიც უნდა დაეხმაროს მათ ცეცხლის შეწყვეტასა და სიმშვიდის შენარჩუნებაში, ისევე როგორც იმაში, რომ მხარეებმა ისაუბრონ“, – განაცხადა ბორელმა.
ბორელის თქმით, ეუთო-ს მინისტერიალი ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა, რომელზეც წარმოდგენილი საერთაშორისო საზოგადოება მხარს უჭერს უკრაინას.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა და კიდევ ერთხელ იმის დადასტურება, რომ აქ წარმოდგენილი საერთაშორისო საზოგადოება მხარს უჭერს უკრაინას, მოწადინებულია ევროპაში სტაბილურობისა და მშვიდობისთვის. ყველა მონაწილე ქვეყანა არის წარმოდგენილი, რუსეთიც კი და წევრ სახელმწიფოზეა დამოკიდებული მის ტერიტორიაზე შემოსასვლელად გასცემს ვიზებს თუ უარს იტყვის ამ ვიზების კონკრეტული პირბისთვის მიცემაზე. პოლონეთმა გადაწყვიტა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არ დაეშვა მის ტერიტორიაზე, ეს პოლონეთის პრეროგატივაა და რუსეთი ეუთო-ში ელჩით იქნება წარმოდგენილი“, – განაცხადა ბორელმა.
1tv.ge