ჯორჯიის შტატის სახელმწიფო მდივნის, ბრედ რაფენსპერგერის განცხადებით, შტატის ტერიტორიაზე ყველა საარჩევნო ბიულეტენის ხელით გადათვლა მოხდება.
„ვინაიდან საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის სხვაობა ძალიან მცირეა, საჭიროა თითოეულ საგრაფოში ბიულეტენების ხელით გადათვლა. ეს ხელს შეუწყობს საბოლოო შედეგებისადმი ნდობის გაზრდას“, - განაცხადა ჯორჯიის შტატის სახელმწიფო მდივანმა.
ტელეკომპანია CNN-ის ბოლო მონაცემებით, ჯორჯიის შტატში ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს 14 ათასი ხმით უსწრებს.
9 ნოემბერს დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ბილ სტეპინმა აღნიშნა, რომ რამდენიმე გადამწყვეტ შტატში დონალდ ტრამპის გუნდი სამართლებრივ დავებს აწარმოებს არჩევნებში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით.
წამყვანი ამერიკული მედიასაშუალებების პროგნოზით, „დემოკრატების“ პრეზიდენტობის კანდიდატი, ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი გახდა. აღნიშნული პროგნოზით CNN, NBC, Fox News და Associated Press-ი გამოდიან. მედიის პროგნოზით, ჯო ბაიდენმა პენსილვანიის შტატში გაიმარჯვა და საერთო ჯამში, ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 273 ხმა აქვს.
imedinews.ge