,,ჯორჯიან ეარვეისის’’ მენეჯმენტი ,,ტავ ურბან ჯორჯიას’’ მიერ დაწესებულ კაბალურ გადასახადებს აპროტესტებს — ამ თემაზე ავიაკომპანია ,,ჯორჯიან ეარვეისის’’ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, თამაზ გაიაშვილმა პრესკონფერენცია გამართა. თამაზ გაიაშვილის განცხადებით, „ტავ ურბან ჯორჯია’’ კაბალური პირობებით მუშაობს, ერთადერთ ეროვნულ ავიაკომპანიას
ხელოვნურ წინაღობებს უქმნის და ფრენებს უზღუდავს. ამასთანავე „ტავ ურბან ჯორჯიას’’ მომსახურების სერვისი თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.
„მთელი ცხოვრება ავიაციაში ვმოღვაწეობ, 25 წელია „ჯორჯიან ეარვეისს’’ ვხელმძღვანელობ, გადასახადებს ვიხდი ქვეყნის სასარგებლოდ, ყველა წესის დაცვით. შარშან 20 მილიონის ინვესტიცია გავწიე იმისათვის რომ ბიზნესი განვითარდეს. ხალხს პირდაპირი ავიარეისებით მგზავრობის შესაძლებლობა მივეცით დედაქალაქიდან. მინდა მეტი გავაკეთო, უფრო ხელმისაწვდომი გავხადო ფრენა ყველა მგზავრისთვის, ვცდილობ ქვეყნის პოპულარიზაციასა და ტურისტული ნაკადების მოზიდვას. აღნიშნული დამოკიდებულება აეროპორტის მხრიდან კი არ მაძლევს საშუალებას ვაკეთო სახელმწიფოებრივი საქმე. “ - განაცხადა თამაზ
გაიაშვილმა.
,,ჯორჯიან ეარვეისი’’ ნაციონალური ავიაკომპანიაა, რომელიც 25 წელია ქართულ ბაზარზე ოპერირებს. დღეისთვის, ავიაკომპანია 17 ავიამიმართულებით ახორციელებს რეგულარულ პირდაპირ ავიარეისებს და ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ავიაგადამზიდია. 2018 წელს ავიაკომპანიამ 550831 მგზავრი გადაიყვანა. დღესვე "ჯორჯიან ეარვეისი" თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე ,,ტავ ურბან ჯორჯიას’’ საწინააღმდეგო აქციას გამართავს.