„ჯორჯიან ეარვეისის დამფუძნებელი“ თამაზ გაიაშვილი „ტავ ურბან ჯორჯიას“ საქმეზე სახელმწიფოს სპეციალური კომისიის შექმნისკენ მოუწოდებს. ბიზნესმენი, მთავრობას იმ ხელშეკრულების გასაჯაროვებასაც სთხოვს, რაც მასსა და “ტავ ურბან ჯორჯიას” შორის წლების წინ გაფორმდა.
„მთავრობის ინიციატივით შეიქმნას კომისია, რომელიც ჩვენ მიერ “ტავ ურბან ჯორჯიასთან” განხორციელებულ ინვესტიციებს შეისწავლის,“ - აცხადებს გაიაშვილი.
გაიაშვილის განცხადებითვე, სახელმწიფო ამით რეალურად დაინახავს რამდენად შეესაბამება “ტავ ურბან ჯორჯიას “ მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები რეალობას.
შეგახსენებთ, რომ „ტავ ურბან ჯორჯიას“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ Georgian Airways-ს “ტავ ჯორჯიას” მიმართ 9 მილიონი ლარის დავალიანება აქვს და, ოპერატორი კომპანიის მიერ შეთავაზებული გადახდის გრაფიკის შეთავაზების მიუხედავად, ავიაკომპანია ფინანსური ვალდებულებების შესრულებაზე უარს ამბობს.
ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ავიაკომპანია Georgian Airways არ შეასრულებს ნაკისრ ფინანსურ ვალდებულებას, „ტავ ჯორჯია“იძულებული გახდება შეუზღუდოს ავიაკომპანიას აეროპორტის სერვისების და ინფრასტრუქტურის გამოყენების შესაძლებლობა. „ტავ ჯორჯიას“ მიერ, Georgian Airways-ისთვის გაგზავნილი წინასწარი შეტყობინებებისა და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ავიაკომპანია უარს ამბობს, დაიცვას თავისი მგზავრების ინტერესები და შეასრულოს ნაკისრი ფინანსური ვალდებულებები.
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია „ტავ ჯორჯია“ უკვე 14 წელზე მეტია, ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციებით, ინფრასტრუქტურული პროექტებით, მოზიდული ავიაკომპანიების რაოდენობითა და მგზავრებისთვის ახალი მიმართულებების შეთავაზებით, ქართული საავიაციო ბაზრის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
ლიკა გურაბანიძე