ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროს წინააღმდეგ ევროპულ სასამართლოში 25 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით სარჩელის შეტანას გეგმავს. ავიაკომპანია კომპენსაციას რუსეთში ფრენების დაუსაბუთებელი აკრძალვისთვის ითხოვს.
რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროს აკრძალვის ფორმალურ მიზეზს წარმოადგენდა ბრალდება „ჯორჯიან ეარვეისის“ მიმართ, რომ მას აქვს რუსეთის აერონავიგაციის დავალიანება 800,000 აშშ დოლარის ოდენობით. მეორე მიზეზს წარმოადგენდა რუსეთის სატრანსპორტო სამინისტროს უკმაყოფილება „ჯორჯიან ეარვეისის“ ფრენების უსაფრთხოების პროგრამით.
პირველ რიგში, „ჯორჯიან ეარვეისი“ პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მას არ აქვს დავალიანების არც ერთი ცენტი რუსეთის აერონავიგაციის სამსახურის წინაშე. აგრეთვე, აერონავიგაციის გადასახადები „ჯორჯიან ეარვეისისთვის“ სამჯერ მეტია, ვიდრე რუსული ავიაკომპანიებისთვის, რაც ეწინააღმდეგება რუსეთ-საქართველოს მთავრობათაშორისო შეთანხმებას.
რაც შეეხება ფრენების უსაფრთხოების პროგრამის საკითხს, „ჯორჯიან ეარვეისი“ ბაზარზე უკვე 27 წელია არსებობს და მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში მსგავსი პრობლემა არ ჰქონია. ავიაკომპანია რეგულარულ და არარეგულარულ ფრენებს ასრულებს ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში და არის IATA- ს (საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია) წევრი. „ჯორჯიან ეარვეისი“ ასევე რეგულარულ შემოწმებას გადის IOSA- ს (ოპერირების უსაფრთხოების საერთაშორისო აუდიტი) მიერ. ამასთან, „ჯორჯიან ეარვეისის“ ფრენების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არასდროს ჰქონია ადგილი შენიშვნებს ევროპული ქვეყნების მხრიდან. „ჯორჯიან ეარვეისის“ ფრენების უსაფრთხოების პროგრამა სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2019 წლის 21 ივნისის ბრძანებულების შესაბამისად, შეჩერებულია რუსული ავიაკომპანიენის ფრენები საქართველოში. ამ განკარგულებაში არ არის აღნიშნული საქართველოსა და რუსეთის შორის საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია, მით უმეტეს „ჯორჯიან ეარვეისის“ რუსეთში ფრენების აკრძალვის შესახებ. შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროს ქმედება - „ჯორჯიან ეარვეისისთვის“ ფრენების აკრძალვა - უკანონოა. რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროს უსამართლო ქმედების შედეგად, „ჯორჯიან ეარვესმა“ დიდი ფინანსური ზარალი განიცადა. ასევე დაირღვა ავიაკომპანიის მგზავრების უფლებები.
(NS)