აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციისთვის ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის 25 ათასი სამხედროა მობილიზებული.
ეს ის მაქსიმალური რაოდენობაა, რომელიც პენტაგონმა ინაუგურაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის დაუშვა.
აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა, კრისტოფერ მილერმა განაცხადა, რომ არ არსებობს სადაზვერვო მონაცემები, რომელიც იმაზე მიუთითებს, რომ ეროვნული გვარდიის წევრების მხრიდან „შიდა თავდასხმის“ საფრთხე არსებობს.
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს, ვაშინგტონში გაიმართება.
ვითარება ვაშინგტონში 6 იანვარს, მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ. დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა. არეულობის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ვითარების კონტროლქვეშ აყვანას რამდენიმე საათი დასჭირდა, რის შემდეგაც კონგრესმა მუშაობა განაახლა და ჯო ბაიდენის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა დაამტკიცა.
imedinews.ge