ვაშინგტონის პოლიციის ხელმძღვანელის, რობერტ კონტის განცხადებით, 20 იანვარს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის უსაფრთხოებას ეროვნული გვარდიის დაახლოებით 20 ათასი სამხედრო უზრუნველყოფს.
„რაც შეეხება ეროვნულ გვარდიას, იმის გათვალისწინებით, რომ ეს ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სპეციალური ღონისძიებაა, საბოლოო ციფრებს აშშ-ის საიდუმლო სამსახური მოგვაწოდებს. მოველით, რომ ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის დაახლოებით 20 ათასი სამხედრო განთავსდება“, - აღნიშნა ვაშინგტონის პოლიციის ხელმძღვანელმა.
ვითარება ვაშინგტონში 6 იანვარს, მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ. დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა. არეულობის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ვითარების კონტროლქვეშ აყვანას რამდენიმე საათი დასჭირდა, რის შემდეგაც კონგრესმა მუშაობა განაახლა და ჯო ბაიდენის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა დაამტკიცა.
imedinews.ge