აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჯანმრთელია და საპრეზიდენტო მოვალეობების შესასრულებლად შესაფერის მდგომარეობაში იმყოფება, - ამის შესახებ პრეზიდენტის პირადი ექიმის დასკვნაშია ნათქვამი, რომელსაც თეთრი სახლი აქვეყნებს.
„პრეზიდენტი ბაიდენი არის ენერგიული, 78 წლის მამაკაცი, რომელსაც შეუძლია წარმატებით შეასრულოს პრეზიდენტის მოვალეობები“, - წერს ექიმი კევინ ო’კონორი.
ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გეგმური კოლონოსკოპიის დროს კეთილთვისებიანი პოლიპი ამოკვეთეს.
ცნობისათვის, პრეზიდენტი სამედიცინო შემოწმების ჩასატარებლად მერილენდის შტატში გაემგზავრა. მას პროცედურა უოლტერ რიდის კლინიკაში ჩაუტარდა. კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელისუფლება გადასცა ვიცე-პრეზიდენტს, კამალა ჰარისს, დროის მცირე მონაკვეთით, როდესაც ის ნარკოზის ქვეშ იმყოფებოდა.
წყარო: "ინტერპრესნიუსი"