ჰიგიენის საშუალებები, კოსმეტიკა, პარფიუმერია, ავეჯი, ტექსტილი, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი - ეს იმ პროდუქტების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც სახელწმიფო არ აკონტროლებს. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, დღეს ადგილობრივ ბაზარზე საშიში ნივთიერებებით გაჯერებული არაერთი პროდუქტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.
„მაგალითად საღებავები, რომელიც უკონტროლოა და შეიცავს ტყვიას. ჩვენ ასეთი საღებავებით ვაფერადებთ ჩვენივე სახლის კედლებს. ავეჯის შემთხვევაში ხდება ლაქების აორთქლება და ეს შიდა ჰაერს ძალიან აბინძურებს. ტანსაცმლით შესაძლებელია კანის დაავადებების გავრცელება. მძიმე ვითარებაა ჰიგიენის საშუალებებში, რადგან უკონტროლო სარეცხი და საწმედი ფხვნილები, საპონი და ა.შ. არც თუ იშვიათად მძიმე მეტალებს შეიცავენ. რაც შეეხება კოსმეტიკას, მაგალითად სახის კრემი, რომლის შემცველობა ასევე არ კონტროლდება, მასში შესაძლოა იყოს ისეთი ტოქსიკური ნივთიერება(რომელიმე მეტალი), რომელსაც კანი შეიწოვს, შედეგად კი ეს ნივთიერება ხვდება ორგანიზმში და მან შეიძლება გამოიწვიოს არაერთი დაავადება. ეს შეიძლება იყოს ნევრული სისტემის დაზიანება, გულსისძარღვთა სისტემის პრობლემები და ა.შ.“,- განმარტავს ტოქსიკოლოგი სოსო კუტუბიძე.
სოსო კუტიბიძის მოსაზრებას იზიარებს ტოქსიკოლოგი ინგა ღვინერიაც, რომლის თქმითაც დღეს აღნიშნული მიმართულებით ბაზარზე სრულად უკონტროლო ვითარებაა. მისი თქმით, კონკრეტულ პროდუქტში თუნდაც მცირე დოზით მავნე ნივთიერების მოხვედრა და შემდგომ ამ პროდუქტის სისტემატური მოხმარება, საშიში დაავადებების გავრცელების ალბათობა ძალიან ზრდის.
„იმდენად მძიმე ვითარებაა, რომ აქ ნორმებზე უკვე აღარ არის ლაპარაკი. ზოგადად, როდესაც ქვეყანაში შემოდის პროდუქცია, აუცილებელია ქიმიური რეგლამენტი იყოს დაცული, რაც საქართველოში არ ხდება. სახელმწიფო აპირებს ახალი კანონის შემუშავებას და კარგია თუ გარკვეული პროდუქტები მაინც გაკონტროლდება, მაგრამ ეს თუ ისევ შემთხვევიდან შემთხვევამდე გაკონტროლდება და არ ექნება სისტემური ხასიათი, მაშინ არაფერი შეიცვლება. კანონი მხოლოდ ფორმალური იქნება“,-განმარატვს ინგა ღვინერია.
რაც შეეხება საკანონმდებლო დონეს, როგორც დარგის სპეცილისტებმა გვითხრეს, ამ ეტაპზე ეკონომიკის სამინისტრო შეიმუშავებს კანონს, რომელიც პროდუქტის უსაფრთხოების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას გულსხმობს. აღსანიშნავია, რომ რეგულაცია მხოლოდ რამდენიმე პროდუქტზე განხორციელდება, თუმცა ჩვენს მიერ ჩამოთვლილი პროდუქტები ამ სიაში ვერ მოხვდებიან.
სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროგრამის კოორდინატორი ვახტანგ კობალაძე პრობლემას კანონში შეტანილ ახალ ცვილებებშიც ხედავს. მისი თქმით, მიუხედავად სახელწმიფოს მხრიდან გარკვეული რეგულაციის ნორმირებისა, პროდუქტების კონტროლი მაინც ვერ მოხერხდება.
„ჩვენი ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტრო პროდუქტის უსაფრთხოების ნორმების შესახებ კანონში ცვლილების შეტანას აპირებს იმ სახით, რომ გაკონტროლდება ის პროდუქტები, რაზეც შემუშავდება ტექნიკური რეგლამენტი. ხოლო თუ ვთქვათ, საშიში ნივთიერება აღმოვაჩინეთ პროდუქტში, რომელთაც ასეთი რეგლამენტი არ აქვს, ის მაინც ვერ ნადგურდება და მასზე პასუხისმგებელიც არავინაა. ამიტომ, ჩვენი სურვილია კანონში მოხდეს ისეთი ზოგადი ჩანაწერი, რომ საშუალება იყოს თუნდაც იმ პროდუქტების ამოღება, რაზეც ტექნიკური რეგლამენტი არ არის“,-განმარტავს კობალაძე.
მისივე თქმით, დღეს რომ ბაზარზე საგანგაშო ვითარებაა, ამ მოცემულობას თავისი მხარდამჭერებიც ჰყავს და ეს ფაქტორი გარემოებას მეტად ამძიმებს. როგორც ვახტანგ კობალაძემ „კომერსანტთან“ აღნიშნა, ბიზნესის დიდი ნაწილი ის მხარეა, რომელიც საშიში პროდუქტების გავრცელებას აქტიურად ლობირებს.
„დღეს ასეთი პროდუქტები, რომ მრავლათაა, ამას სუბიექტური ფაქტორიც განაპირობებს, რადგან მას ბიზნესის გარკვეულ ნაწილი პირდაპირ ლობირებს. არის მეორე მხარეც, რომელიც მხარს უჭერს კანონის გამკაცრებას, რადგან უხარისხო პროდუქცია მათ ბიზნესს განვითარებაში უშლის ხელს. კიდევ ერთი, რა შედეგები შეიძლება მოიტანოს საშიშმა პროდუქტებმა, ამის შესახებ ძალიან მწირი ინფორმაცია აქვს თავად საზოგადოებასაც, ამიტომ კანონის გამკაცრების აუცილებლობაზე აქტიურად არ საუბობს“,- განმარტავს კობახიძე.
ავტორი : სალომე ლემონჯავა