ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ჯანდაცვის სფეროში ინვესტიცია უნდა განახორციელოს, რათა მომავალში მასშტაბური პანდემია არ განმეორდეს.
„ყველა ქვეყანამ ერთობლივად უნდა იმუშაოს. ეს უზრუნველყოფს იმას, რომ მსგავსი სიმძიმისა და მასშტაბის პანდემია აღარ განმეორდეს. თუ იქნება პოლიტიკური ნება და ჯანდაცვის სფეროს დაფინანსების მზაობა, საერთაშორისო საზოგადოება მომავალი პანდემიის თავიდან აცილებასა და მასთან ბრძოლას შეძლებს“, - განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა.
ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ასევე მოუწოდა მსოფლიო ლიდერებს, ინფექციის გავრცელების აღკვეთის მიზნით მიზანმიმართული ზომები მიიღონ და ჯანდაცვის სისტემის დაცვა უზრუნველყონ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge