ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰიდროქსიქლოროქინის, როგორც კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის გამოცდა შეწყვიტა. ამის შესახებ ჯანმოს ექსპერტმა, მარია რესტრეპომ განაცხადა.
მისივე თქმით, კვლევების თანახმად, აღნიშნული პრეპარატი ხელს არ უწყობს კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობისას სიკვდილიანობის შემცირებას.
„აღნიშნული ანალიზისა და რიგი პუბლიკაციის შესწავლის საფუძველზე აღმასრულებელმა ჯგუფმა გადაწყვეტილება მიიღო, ჰიდროქსიქლოროქინის „სოლიდარობის კვლევის“ ფარგლებში გამოცდა შეწყდეს“, - განაცხადა ჯანმოს ექსპერტმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება არ წარმოადგენს ჯანმოს პოლიტიკას ან ჯანმოს რეკომენდაციას.
„ეს გადაწყვეტილება მიღებულია პრეპარატის გამოცდასთან დაკავშირებით და არ ეხება ჰიდროქსიქლოროქინის, როგორც პროფილაქტიკური საშუალების გამოყენებას“, - დასძინა მან.
შეგახსენებთ, რომ 25 მაისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰიდროქსიქლოროქინისა და ქლოროქინის, როგორც კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის გამოცდა დროებით შეაჩერა, ხოლო 3 ივნისს კი პრეპარატი ჰიდროქსიქლოროქინი „სოლიდარობის კვლევაში“ კვლავ დააბრუნა.
imedinews.ge