ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ადჰანომ გებრეიესუსი ჩინეთიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაციას საჭიროდ არ მიიჩნევს, ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა პეკინში ჩინეთის სახელმწიფო მრჩეველ ვან ისთან შეხვედრისას დადებითად შეაფასა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული პრევენციული ზომები.
გამოცემის ცნობით, სულ უფრო მეტმა ქვეყანამ განაცხადა უხანიდან საკუთარი მოქალაქეების გაყვანის შესახებ. ქალაქის მოსახლეობა 11 მილიონია.
პირველი თვითმფრინავი, რომლითაც ჩინეთის ქალაქ უხანიდან საფრანგეთის მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან, პარიზში ხუთშაბათს დაეშვება. ამის შესახებ Reuters-ი ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრზე დაყრდნობით წერს.
26 იანვარს უხანიდან მოქალაქეების ევაკუაცია აშშ-მა დაიწყო, დღეს კი ცნობილი გახდა, რომ უხანში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებაც იგეგმება.
ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. ვირუსი უკვე დაფიქსირდა ჩინეთის გარეთ - ტაილანდში, აშშ-ში, სინგაპურში, ჰონგ-კონგში, ნეპალში, ავსტრალიაში, ტაივანზე, მალაიზიაში, იაპონიაში, საფრანგეთში, სამხრეთ კორეაში, ვიეტნამსა და კანადაში.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთის ხელისუფლებამ პეკინში ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გააუქმა.
ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.
imedinews.ge