ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს მოუწოდებს, ჯანდაცვის შესაძლებლობები გაზარდონ და მოსახლეობა აცრან, რათა „ომიკრონი“ ვარიანტით გამოწვეული შემთხვევების ზრდას ებრძოლონ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აზია-წყნარი ოკეანის რეგიონალურმა დირექტორმა, ტაკეში კასაიმ განაცხადა, რომ „ომიკრონის“ გავრცელების შესაჩერებლად სამოგზაურო შეზღუდვების დაწესება მხოლოდ დროის მოგების საშუალებაა.
„სასაზღვრო კონტროლი მხოლოდ დროის მოგების საშუალებაა, მაგრამ თითოეული ქვეყანა და საზოგადოება ინფიცირების შემთხვევების ზრდისთვის მზად უნდა იყოს,“ - აღნიშნა ტაკეში კასაიმ.
მისი თქმით, ხალხი მხოლოდ სასაზღვრო ზომების იმედზე არ უნდა იყოს და ქვეყნებს მოუწოდა, სრულად აცრან მოწყვლადი ჯგუფები და პრევენციული ზომები დაიცვან, როგორიცაა პირბადის ტარება და სოციალური დისტანცია.
სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ახალ ვარიანტს სპაიკის პროტეინში არაერთი შემაშფოთებელი მუტაცია აქვს.
28 ნოემბერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის შესახებ განახლებული ინფორმაცია გაავრცელა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გლობალურ დონეზე კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის პოტენციური გავრცელების ალბათობა მაღალია.
imedinews.ge