ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ მსოფლიოში ზედიზედ მერვე კვირაა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი იზრდება.
„Covid-19-ის ახალი შემთხვევები ზედიზედ მერვე კვირაა იზრდება. გასულ კვირას, 5.2 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია“, - განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის თქმით, 25-დან 59 წლამდე ასაკის ადამიანებში ინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი საგანგაშო ტემპით იზრდება, რაც კორონავირუსის ძალიან გადამდები ვარიანტებით შეიძლება იყოს განპირობებული.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკის მიხედვით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 140 322 903 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 3 003 794 ადამიანი გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge