მსოფლიოს კვირები ან თვეები დასჭირდება იმის გასაგებად, თუ რომელი პრეპარატი იმუშავებს კორონავირუსის წინააღმდეგ, - განაცხადა ჯანმოს წარმომადგენელმა, მარია ვან კერხოვემ ტელეკომპანია CNN-ის ეთერში.
მისი თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის წინააღმდეგ პრეპარატის ასობით გამოცდას აკვირდება.
„მსოფლიოში ყველამ უნდა იცოდეს, რომელი პრეპარატი, რომელი მედიკამენტი იქნება ეფექტური, რომელი მედიკამენტი გადაარჩენს სიცოცხლეებს. სამწუხაროდ, ახლა, ჩვენ ჯერ არ გვაქვს რაიმე მტკიცებულება, რომ რომელიმე პრეპარატი მუშაობს“, - განაცხადა მარია ვან კერხოვემ.
მარია ვან კერხოვემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, კვლევები კარგად ჩატარდეს.„შედეგები სწრაფად ვერ მოვა. ამას კვირებიდან თვეებამდე დასჭირდება“, - დასძინა მან.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge