ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორმა, ჰანს კლუგემ განაცხადა, რომ ევროპაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების აფეთქება შეინიშნება.
„ჩვენ ვხედავთ შემთხვევების აფეთქებას. რამდენიმე დღეში ევროპის რეგიონში შემთხვევების ზრდა ერთ მილიონს მიაღწევს. ასევე ვხედავთ, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი ნელ-ნელა იზრდება“, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, წინა კვირასთან შედარებით ევროპაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი 22%-ით, ხოლო კორონავირუსით სიკვდილიანობის რიცხვი კი 43%-ით გაიზარდა.
აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებლები საფრანგეთში, იტალიასა და დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge