ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 2.4 მილიონით გაიზარდა, რაც პანდემიის დაწყებიდან რეკორდული მაჩვენებელია.
„კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი სწრაფად იზრდება, ხოლო სიკვდილიანობის მაჩვენებელი შედარებით სტაბილურია. 18 ოქტომბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსის 40 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 1.1 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსის 2.4 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, 36 ათასი ადამიანი კი გარდაიცვალა“, - ნათქვამია ჯანმოს საინფორმაციო ბიულეტენში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge