„უპირველეს ყოვლისა, მწუხარებას გამოვთქვამთ ქუთაისში კოვიდდადასტურებული 27 წლის პაციენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით“ – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„გვსურს, საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მივაწოდოთ მომხდარი სამწუხარო შემთხვევის შესახებ.
აღნიშნულ პაციენტთან დაკავშირებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში გამოძახება ორჯერ დაფიქსირდა. პირველ შემთხვევაში, 26 ოქტომბერს, დაბალი წნევის მოტივით დაფიქსირებული გამოძახება გაუქმებული იქნა ზარის ინიციატორის მიერ, რომლის განცხადებითაც, პაციენტი თავს გრძნობდა კარგად და მას აღარ ესაჭიროებოდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.
მეორე გამოძახება სუნთქვის გაძნელების მოტივით 31 ოქტომბერს, 01:27 სთ-ზე დაფიქსირდა, რის შემდეგაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი მისამართზე მყისიერად გავიდა და პაციენტი ცხელებით გადაიყვანა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მას ჩაუტარდა ტესტი კოვიდ-19-ზე და დადგინდა კოვიდინფექცია.
როგორც თქვენთვის ცნობილია, სამწუხაროდ, პაციენტი 1-ელ ნოემბერს გარდაიცვალა.
კიდევ ერთხელ ვიზიარებთ გარდაცვლილის ოჯახის მწუხარებას“ – ნათქვამია ინფორმაციაში.