ჯანდაცვა ბიზნესია და ეს სისტემა უნდა დაიგეგმოს - ინტერვიუ დავით სერგეენკოსთან ჯანდაცვის პოლიტიკაზე

ჯანდაცვა ბიზნესია და ეს სისტემა უნდა დაიგეგმოს - ინტერვიუ დავით სერგეენკოსთან ჯანდაცვის პოლიტიკაზე

access_time2020-09-25 12:00:07

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან 7 წლის განმავლობაში მინისტრის თანამდებობას იკავებდა, დღეს კი დავით სერგეენკო „ქართულმა ოცნებამ“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა. „კომერსანტთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ჯანდაცვის პოლიტიკაზე, გატარებულ რეფორმებზე, 520-ე დადგენილებაზე, საყოველთაო დაზღვევაზე ისაუბრა.

 

-როგორ შეაფასებთ განვლილ პერიოდს, ქართული ოცნების“ მმართველობის 8 წელს, რეფორმების კუთხით, ჯანდაცვის მიმართულებით, ასევე რას გამოარჩევდით, რომელი რეფორმა შეიძლება ჩაითვალოს წარმატებულად და რა შეიძლებოდა კიდევ გაკეთებულიყო?


- ცალსახად უნდა გამოიყოს ადამიანის უფლებები,როგორც პრიორიტეტი. შედარებისთვის და რადგან შედარება ყოველთვის მნიშვნელოვანია, წინა ხელისუფლებას მოვიყვან, რომლის პირობებში, ალბათ ყველაზე სუსტი მხარე სწორედ ადამიანის უფლებები იყო. ქართულმა ოცნებამ ამ საკითხს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა და ეს მნიშვნელობა ბევრი ფორმით გამოიხატა. მთავარი განმასხვავებელი სწორედ ადამიანის უფლებები იყო, როგორც პრიორიტეტი, თავისი ფართო საკონსტიტუციო გაგებით და ადამიანის უფლებები, როგორც ჩაგვრის სამიზნე, ამ სიტყვის ასევე ფართო გაგებით.


- უნდა იყოს თუ არა ჯანდაცვა კლასიკური გაგებით ბიზნესი?


- ჯანდაცვაში, როგორც ეკონომიკის სხვა მიმართულებებში, მიმდინარეობს ეკონომიკური პროცესები, მათ შორის მოგების გენერაცია. ამ მხრივ, ჯანდაცვა ბიზნესის ნაწილია, თუმცა მას აქვს თავისი დამახასიათებელი სპეციფიკა, რომლის გათვალისწინების გარეშეც რთული იქნება ამ საკითხზე მსჯელობა. დავასახელებ ორ განმასხვავებელ ნიშანს. ჯანდაცვის სისტემაში არსებობს ასეთი ეკონომიკური ფენომენი- ასიმეტრიული შესყიდვა, თუ კი სიმეტრიული შესყიდვის დროს მყიდველი განსაზღვრავს შესაძენი ნივთის ან სერვისის სპეციფიკაციას და ბიუჯეტს, თავად ახდენს გადაწყვეტილების მიღებას, ასიმეტრიულის შემთხვევაში სერვისის შემსყიდველს აქვს ძალიან არასრული და ბუნდოვანი მოცემულობა. მაგალითად, აქვს თავის ტკივილი ადამიანს, მიდის კლინიკაში და კლინიკა თავად განსაზღვრავს თუ რა კვლევები უნდა ჩატარდეს ; მეორე საკითხია, ის რომ თუ კლასიკურ ეკონომიკაში მოთხოვნა ბადებს მიწოდებას, ჯანდაცვაში ეს პირიქით ხდება, მიწოდება აჩენს მოთხოვნას. რაც უფრო მეტია სამედიცინო სერვისის მიწოდება მოხდება, მით მეტი მოქალაქე მიმართავს ამ სერვისებს. ეს არ ნიშნავს,რომ ერი ან ქვეყანა ავადდება, უბრალოდ ასეთია სპეციფიკა. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ჯანდაცვა ბიზნესია და ეს სისტემა უნდა დაიგეგმოს.


-თქვენი მმართველობის პერიოდში ძალიან აქტუალური იყო საყოველთაო ჯანდაცვა, რომელიც ყველაზე წარმატებულად სახელდებოდა, თუმცა, სანამ ამ საკითხს განვიხილავთ, მანამდე 520- დადგენილებაზე რომ ვისაუბროთ, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში ექიმების მხრიდან წინ წამოიწია, რა იყო ამ დადგენილების მიღების მიზეზი და რა პრობლემატიკა დგას მის უკან?


- სფეროს აქვს თავისი გამოწვევები და მთავრობა მათზე რეაგირებას ახდენს. 520-ე დადგენილება ერთ-ერთი რგოლია, არ ვთვლი რომ ის საკვანძო დადგენილებაა, მაგრამ ამ რეფორმების მწკრივში ის ერთ-ერთი რგოლია, რომელიც ყველა ქვეყანას სჭირდება ჯანდაცვის სისტემაში, იმისთვის, რომ უპასუხოს თანამედროვე გამოწვევებს. ასეთი დადგენილებები მომავალაშიც იქნება, რათა მოსახლეობამ მიიღოს ხარჯეფექტური და ხარისხიანი სერვისები.


-520- დადგენილებით, სამედიცინო დაწესებულებების გარკვეული ნაწილისთვის სახელმწიფოს მიერ დადგენილი ზღვარი ხშირ შემთხვევაში უფრო ნაკლები იყო ვიდრე თვითღირებულება იმ მომსახურებისა, რასაც ისინი გასცემდნენ. როგორ ფიქრობთ, რამდენად იყო გამართლებული ამ ზღვარის დადება, გასაგებია, რომ მოსახლეობისთვის ჯანდაცვა უნდა იყოს ხელმისაწვდომი, მაგრამ მეორე მხარეს დგანან სამედიცინო დაწესებულებები.


- სამედიცინო სერვისების ანაზღაურების ზღვარი ნებისმიერ ქვეყანაში ყოველთვის დადგენილი იყო, ამ პროცესს ესა თუ ის მეთდოლოგია უზრუნველყოფს. 520-ე დადგენილება არ გამხდარა ზღვარის დაწესების დადგენილება, ასეთი ზღვარი ყოველთვის არსებობდა. რაც შეეხება იმას, თუ რომელ სფეროსა და სერვისს შეეხო, მე ვფიქრობ, რომ გადამწყვეტი არის დეტალური კომუნიკაცია სფეროს სპეციალისტებთან, წამყვანი საკითხი ამ შემთხვევაში არა სერვისების თვითღირებულება, არამედ გარკვეული სახარჯო მასალების ღირებულებაა, რომელიც სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ კონსოლიდირებული შესყიდვებით შეეძინა, ასეთი მიდგომა უკვე არსებობდა. მაგალითად, დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში, ახლა კი ეს მიდგომა კიდევ უფრო ფართოვდება. ჩემი აზრით, ცვლილებები ყოველთვის საჭირო იყო, ანაზღაურების სისტემაც ყოველთვის დახვეწას საჭიროებს და ეს სულ ასე გაგრძელდება.

 

-როგორ შეაფასებთ ჯანდაცვის სისტემას, რამდენად წარმატებული პროექტი გამოდგა. თავდაპირველად, ეს იყო საყოველთაო ჯანდაცვა, რამდენად სწორად დაიგეგმა, მდიდრებზეც და ღარიბებზე სწორად გადანაწილდა?


- საყოველთაო ჯანდაცვა დაიწყო იმ პერიოდში, როდესაც საქართველოს მოსახლეობის ნახევარი სარგებლობდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან სერვისების უზრუნველყოფით, ეს იყო მოდელი, რომელსაც ერქვა მიზნობრივი ჯანდაცვა. სახელმწიფო უზრუნველყოფდა მხოლოდ სოციალურად დაუცველებს, ასაკით პენსიონერებს, 6 წლამდე ბავშვებსა და პედაგოგებს. როდესაც საყოველთაო ჯანდაცვა დაიწყო, ჩვენ შევედით დასახმარებლად ადამიანების იმ რაოდენობაში, რომლებიც არანაირი სახის უზრუნველყოფით არ სარგებლობდნენ. ისინი არ იყვნენ ჩამოთვლილი კატეგორიიდან არცერთი და არ ჰქონდათ კერძო დაღზვევა. ასეთი ადამიანების რიცხვი ჩვენი მოსახლეობის 40%-ზე მეტი იყო. ჩვენ ამ ადამიანებს მხარში ამოვუდექით, იყო კითხვა, თუ რატომ ეხმარება სახელმწიფო ყველას თანაბრად. რეალურად, დახმარების პაკეტები განსხვავებულია, 2013 წელს ჩვენ ომის ვეტერანები დავამატეთ, მათ ყველაზე დიდი პაკეტი აქვთ, შემდეგ მოდიან სოციალურად დაუცველები, ასაკით პენსიონერები და ა.შ. მოსახლეობის ნახევარზე მეტის პაკეტი შედარებით მცირე იყო.


შესაბამისად, დახმარების მოცულობა თანაბარი არ ყოფილა, ის იყო საჭიროებებზე დაფუძნებული. საყოველთაო ჯანდაცვა არის ისეთი სისტემა, რომელმაც ქვეყნის ყველა მოქალაქე უნდა დაიცვას კატასტროფული ფინანსური ხარჯებისგან. ეს საჭიროება სხვადასხვაა ყველა კატეგორიისთვის. 2013 წლის 28 თებერვალი იყო საყოველთაო ჯანდაცვის დაბადების დღე, მაშინ საყოველთაო ჯანდაცვა მოქმედებდა მათზე ვისაც არ ჰქონდა კერძო დაზღვევა, რადგანაც ჩვენ შემოსავლების დიფერენცირების დრო არ გვქონია. თუმცა, 2016 წელს, თუ იქამდე, მხოლოდ ერთი ინდიკატორით იყო გაყოფილი, რომ მოქმედებს, ან არ მოქმედებს ჯანდაცვა, 2016 წლიდან გაიყო უკვე 5 კატეგორიით.

 

-ჩვენი ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, რამდენად იყო ბიუჯეტი ისე დაგეგმილი, რომ ეს მოსალოდნელი ხარჯები დაეფარა?



-საერთაშორისო ორგანიზაციები ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის შესაფასებლად,  რაოდენობრივი დანახარჯების მხრივ, იღებს იმ ციფრს, რასაც ხარჯავს სახელმწიფო მშპ-დან ჯანდაცვაზე. დასაბუთებულია,რომ მშპ-დან 5%-ის ზემოთ იწყება სტაბილური ჯანდაცვა, როდესაც სახელმწიფოს შეუძლია უზრუნველყოს ყველა საჭიროება, მათ შორის მედიკამენტები. 2012 წლის მდგომარეობით, საქართველოს მთავრობა მშპ-ს 1%-ზე ნაკლებს ხარჯავდა, შედარებისთვის, ეს მონაცემები ცენტრალური აფრიკის ქვეყნების მონაცემების მსგავსია. მას შემდეგ, ჯანდაცვის ბიუჯეტი გაიზარდა თითქმის სამჯერ და დღეის მდგომარეობით, 2.9%-ს შეადგენს. ის, რომ გასამმაგდა არ ნიშნავს იმას, რომ მაინცდამაინც ჩვენ გვაქვს იმდენი თანხა, რომ უზრუნველყოთ ყველა საჭიროება. შედარებისთვის, თუ საქართველო მშპ-ს 2.9%-ს ხარჯავს, აღმოსავლეთ ევროპისთვის ეს რიცხვი 4-5%-ია, დასავლეთ ვროპისთვის 8-12%, ხოლო აშშ-ში 17%. ეს პროცენტები უკვე გვაძლევს გარკვეულ სურათს. ერთ სულ მოსახლეზე საშუალოდ სახელმწიფოს მიერ გადახდილი ფული საქართველოს შემთხვევაში 120 დოლარის ეკვივალენტია ყოველწლიურად, აღოსავლეთ ევროპაში 3-5 ათასი დოლარი, დასავლეთ ევროპაში 10-12 ათასი დოლარი, აშშ 16 ათასი დოლარი. შევადაროთ ეს ყოველივე გასამმაგების შემდეგ, ახლა ჩვენთან 12 დოლარია. ეს არის ჩვენი პარიტეტი, ისინი ვისაც არ უნდა ამ სიკეთის დანახვა, ძირითადად, ოპონენტებს, ცდილობენ რომ დააკინონ, ამბობენ, რომ უყაირათოდ იხარჯება მილიარდები. საშუალო დანახარჯი საყოველთაო ჯანდაცვის პირობებში არის 22 ლარი თვეში ერთ ადამიანზე. ეს არის სადაზღვევო პოლისი, რომელსაც ყიდულობს მოქალაქე. ვერავინ უზრუნველყოფს ისე ხარჯეფექტურად 22 ლარად თვეში იმ სერვისების მიწოდებას, რასაც საყოველთაო ჯანდაცვა აკეთებს. ამით არის სწორედ ის გამორჩეული. ეს არამარტო ჰუმანიტარული აქციაა, ასევე ხარჯეფექტური მიდგომაა, ზრუნვა, ათეულობით ათასი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა.


-ერთი მხრივ, გასაგებია, რომ მშპ-დან უნდა დაიხარჯოს ჯანდაცვაზე თანხა, მეორე მხრივ, ეს არის სახელმწიფოს მიერ გაწეული ხარჯი, როგორ ფიქრობთ, რამდენად ეფექტიანად ხარჯავს სახელმწიფო ამ თანხებს და უკეთესი მონიტორინგის შესაძლებლობა თუ არსებობს?


- ის ვინც თანხას იხდის ვალდებულია, რომ გააკონტროლოს და გამონაკლისი არც ჯანდაცვის სამინისტროა. თავიდანვე იყო ჩადებული 4 ეშელონიანი დაცვის მექანიზმი, რომ არამიზნობრივი ხარჯები და არასაჭირო კვლევები, ინტერვენციები აგვეცილებინა. დღეს არის შემაკავებელი მექანიზი, რომელსაც ყველა ქვეყანა იყენებს. აშშ, რომელიც ჯანდაცვაში მშპ-დან 17%-ს ხარჯავს, მესამედი სწორედ ამ პროგრამების ადმინისტრირებაში იხარჯება. ჩვენთან 0,8%-ია ეს რიცხვი და ამით ვუტოლდებით ესტონეთს. აშშ, გარდა სისტემის მონიტორინგის სამსახურისა, იყენებს  ინტეგრირებულ სისტემას, რომელშიც მონაწილეობენ გამოძიების ფედერალური ბიუროს ფინანსური სამსახური, იუსტიციის სამინისტრო. შექმნილია მოდელი, რომელიც ამ კონტროლს ახორციელებს დამატებით. ასეთ ხარჯებს ყოველთვის სჭირდება კონტროლი და არც ჩვენი სისტემაა გამონაკლისი და ამ მხრივ, ალბათ ერთ-ერთი საუკეთესოა.


-სახელმწიფოს მიერ გაცემულმა ფინანსებმა, რამდენად შეუწყო ხელი სამედიცინო დაწესებულებების ზრდას, თქვენ საუბრობდით, რომ ბევრი კლინიკაა გახსნილი, რამდენად გამოიწვია სახელმწიოს დაფინანსებამ ამ კლინიკების ზრდა, სამედიცინო დაწესებულებებში რამდენად სწორად მიდიოდა ამ ფულის ხარჯვა და მენეჯმენტი, ცდუნება დიდი იყო მათი მხრიდან,რომ უფრო მეტი თანხა მიეღოთ. როგორ შეაფასებთ, რამდენად დაბალანსებული იყო ეს პროცესი?


- იმას, რომ ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას მეტი ფინანსური რესურსი მიემატა, თავისი ლოგიკა ჰქონდა, იქ სადაც მეტი ფინანსური რესურსი მიემართება, დაინტერესებაც მეტია იმ ინდუსტრიის მიმართ, ესეც ლოგიკურია. 2012 წლისთვის საქართველო სამედიცინო დაწესებულებების რაოდენობის მიხედვით მსოფლიოში მეორე ადგილზე იყო, მას მხოლოდ მექსიკა უსწრებდა. საყოველთაო ჯანდაცვის პერიოდში საქართველოში გაიხსნა 75 ახალი კლინიკა, რომლიდანაც 12 რამდენიმე თვეში დავხურეთ იმიტომ, რომ არ აკმაყოფილებდა სტანდარტებს, ამის შემდეგაც, პირველ ადგილზე გავედით და მექსიკას გავასწარით. მათი რეალური პოტენციალი, ჰოსპიტალების შემთხვევაში გამოიხატება საწოლების რაოდენობით, ამ პოტენციალით საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე გავედით, არაფრით გამორჩეული არ ვართ, პირიქით პოტენციალი გაიზარდა, ამან მოგვცა მეტი სითამამე და მზაობა, რომ კოვიდს ასე ეფექტურად დავუპირისპირდით. ის, რომ ახალი კლინიკები გაჩნდა ბოლო წლებში - ლოგიკურია, ის, რომ სახელმწიფო ახორციელებს მონიტორინგს, რომ თანხები არამიზნობრივად არ დაიხარჯოს - ეს ვალდებულებაა. ვფიქრობ, რომ ამ მხრივ ჩვენ, რაოდენობრივად ნორმალური ვითარება გვაქვს, რაც შეეხება თვისობრივად და ხარისხობრივად, ცალკე საკითხია, რომელსაც ინტერესის შემთხვევაში მოგახსენებთ.


-როგორ ფიქრობთ, რამდენად აისახა ეს ყოველივე სერვისის ფასებზე, რამდენად გაიზარდა ფასი წინა პერიოდებთან შედარებით ,ხომ არ გამოიწვია სამედიცინო დაწესებულებების მხრიდან ხელოვნურად ფასების ზრდა?


- ერთი საკითხია, სამედიცინო ინდუსტრიისკენ რა ბიუჯეტი მიემართება, ხოლო მეორეა, რა მეთოდოლოგიით ხდება სერვისების ანაზღაურება. ასეთი მეთოდოლოგია რამდენიმეა მსოფლიოში, თუმცა ევროკავშირი და ავსტრალია იყენებენ დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების მეთოდს. ჩვენ როდესაც 2013 წელს დავიწყეთ საყოველთაო ჯანდაცვა, რა თქმა უნდა, დავაფუძნეთ მეთოდოლოგია, რომელიც თავის თავში მოიცავს იმ პროცესების პრევენციას, რომელშიც ხელოვნურად და დაუსაბუთებლად მოხდებოდა კლინიკების მიერ სერვისების ღირებულების ზრდა. ჩვენი სისტემა არ აძლევს ამის საშუალებას. კლინიკას შეუძლია პირობითად, დააწესოს 10-ჯერ მეტი ფასი, ვიდრე არის საშუალო, მაგრამ ანაზღაურების სისტემა, აანაზღაურებს მხოლოდ საშუალო მონაცემებს და არა იმას, რაც კლინიკამ მოითხოვა. თუმცა, ასეთი სისტემა მოიცავს 2 მინუსს, რომელიც 2012-ში ვიცოდით და დავიწყეთ მუშაობა რომ ევროპული მოდელის, დიაგნოზთან შეჭიდული მეთოდის იმპლემენტაცია განვეხორციელებინა. მას 4-დან 7 წლამდე დრო სჭირდება, თუმცა მივედით უკვე ამ ეტაპამდე. გასაშუალოებული ფასები ისევ იქნება, უფრო გამოკვეთილად დასაბუთებული, მეორე, თუ კი სამედიცინო ჩარევების რაოდენობ 15 ათასია და წელიწადში 13 მილიონზე მეტი ექიმთან ვიზიტი ფიქსირდება, სისტემა ვალდებული იყო ყველა ეს შემთხვევა გაეკონტროლებინა. ახალ სისტემაზე გადასვლით 15 ათასი იკუმშება 445-მდე და ჩქარდება ბიზნეს პროცესები, 2 კვირაში იქნება შესაძლებელი ანგარიშგება. ახალი კლინიკები თუ კი გადაწყვეტენ ღირებულება აქამდე არსებული საშუალო სტატისტიკური მაჩვენებლი ცოტათი ზემოთ აწიონ, ახალი სისტემა ამის საშუალებას არ მისცემს. ამ სისტემაზე გადასვლა 2012 წელს დავიწყეთ პარალელურად. დაიწყო კარდიოქირურგიაში და მჯერა რომ წარმატებით გაგრძელდება.


-რომ შეაფასოთ სახელმწიფო და კერძო სამედიცინო სერვისი, რამდენად ერთმანეთთან თანხვედრაშია ხარისხობრივად?


-ჯანდაცვის სისტემა და ინფრასტრუქტურა უნდა არსებობდეს კერძოც და სახელმწიფო, ეს უნდა იყოს დაბალნსებული. კერძოს აქვს თავისი გამოკვეთილი პლიუსები, მას შეუძლია მოქნილი და ხარისხიანი სერვისების მიწოდება. ეს კერძოს ბუნებაა და არა ის, რომ საიდანღაც სუპერ მენეჯერები მოჰყავთ. სახელმწიფომ კი უნდა გაითვალისწინოს არამხოლოდ კომერციული მომგებანობა. სახელმწიფო დაწესებულებებმა მიიღეს ეს დარტყმა თავისთავზე. მსოფლიოში ბალანსი ქვეყნების მიხედვით არის, ის რომ ნებისმიერი ქვეყანა მართვაში იტოვებს დაწესებულებების მინიმუმ მესამედს, რათა შეინარჩუნოს სახელმწიფო ინტერესების გატარების შესაძლებლობა. ერთადერთი გამონაკლისია ჰოლანდია, სადაც კლინიკების 100% არის კერძო, მაგრამ ამ 100%-დან 70% არის კერძო- არამომგებიანი და ამ პოლიტიკის შემუშავებაში აქტიურად არიან ჩართული აკადემიური წრეები. ეს ბალანსი უნდა იყოს დაცული, ჩვენთან სამწუხაროდ, 2010 წელს ეს ბალანსი დაირღვა, რადგან 1 წლის განმავლობაში 80%-ზე მეტის პრივატიზაცია მოხდა და ახლაც გვაქვს ეს დისბალანსი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ კერძო სექტორის წინააღმდეგი ვართ, უნდა იყოს სწორი ბალანსი.


-როგორ შეაფასებთ კერძო სექტორში სამედიცინო კუთხით კონკურენტულ გარემოს. ხშირად არის ბრალდებები, რომ ოლიგოპოლიური ბაზარია, თუნდაც ფარმაციის მიმართულები, თქვენი ხედვა და შეფასება როგორია?


-კერძო კლინიკებს შორის კონკურენცია ცალსახად გამოკვეთილია, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ პოტენციული ოლიგოპოლიური შეთანხმებები, მიღებულია მეთოდები,როგორ უნდა მოიქცეს ქვეყანა ასეთ შემთხვევაში. მაგალითად აშშ 80-იანი წლების ბოლოს წააწყდა ამ პრობლემებს და 90-იანებში მოაგვარა, ევროპაში 2000იანების დასაწყისში იყო, ჩვენ კი ეს პროცესი სამი წლის წინ დავიწყეთ. ამ მეთოდს ჰქვია სელექტიური კონტრაქტირება, როდესაც სანებართვო პირობების ზევით, სახელმწიფო აწესებს დამატებით პირობებს, რომ მათ, ვისაც გინდათ ეთანამშრომლოთ სახელმწიფოს და მიიღოთ ბიუჯეტიდან ფული, თქვენ უნდა დააკმაყოფილოთ დამატებითი პირობები, მოგვცეთ სხვადასხვა სახის აუდიტის ჩატარების შესაძლებლობა, თქვენი არაპირდაპირი ხარჯები, ანუ მენეჯმენტზე წასული ხარჯები არ უნდა აღემატებოდეს x რაოდენობას, თქვენ ასევე უნდა შეგეძლოთ ისეთი სერვისების მიწოდების შესაძლებლობა, რომელიც მთლიან სპექტრს მოიცავს. ეს პროცესი სამშობიარო სახლების მიმართულებით უკვე დაწყებულია, რასაც საკმაოდ მძაფრი ინტერესთა კონფლიქტი მოჰყვა მაშინ, თუმცა შედეგიც რამდენიმე თვეში მივიღეთ - გამოიკვეთა სიკვდილიანობისა და ავადობის შემცირების ტენდეცია. იგივე ლოგიკა იქნება გამოყენებული ყველა სხვა კლინიკასთან მიმართებაში.


-საუბარი იყო ევექსთან დაკავშირებით, რომ რამდენიმე მიმართულებით ფუნქციონირებს ეს კომპანია ბაზარზე, თქვენი ოპონენტებიც მის ლობისტად გასახელებდნენ, როგორ შეაფასებდით ევექსის საქმიანობას, რამდენად კონკურენტულ გარემოში მუშაობს ეს კომპანია?


- ევექსი გამოიყენებს ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელს, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთი და იგივე მესაკუთრეს აქვს მაგალითად, ფარმაწარმოება, სადაზღვევო კომპანია, კლინიკა, სასწრაფო დახმარების სერვისები და ა.შ. ვერტიკალური ინტეგრაცია ბიზნეს პროცესებში და ინდუსტრიაშიც მიღებული მოდელია, ჯანდაცვაში ეს შესანიშნავი არ არის, მაგრამ გარკვეული პერიოდი ჩვენ გვიწევს მასთან ერთად თანაცხოვრება. ეს გაგრძელდება იქამდე, სანამ სახელმწიფო ვერ შექმნის 2010 წლის მიერ გამოწვეულ დისბალანსში მძლავრ კერძო-სახელმწიფოს პარტნიორობაზე დაფუძნებულ კლინიკებს, რომლებიც ხარისხის მაღალ თამასას შექმნიან და კარგი გაგებით, იძულებულს გახდიან სხვა კლინიკებს, რომ საუკეთესო ხარისხის ნიშნულს მიაღწიონ. ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება კონსულტაციები, თუ რამდენად მისაღები იქნება  ახალ რეალობაში ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი. ახლა ისინი არსებობენ.


- რა ბერკეტები უნდა არსებობდეს, რომ მსგავსმა მოდელმა არ იარსებობს?


- ამისთვის, საჭიროა რომ კონკრეტული კომპანიების შემთხვევაში განისაზღვროს ის, თუ რა საფრთხეს წარმოადგენს ვერტიკალური ინტეგრაცია. თავისთავად ის არსებობს და არალეგალური არ არის, თუმცა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გაანალიზდეს, ის თუ, რითი ქმნის იგი საფრთხეს. მექანიკურად ჩაკეტვა და შეზღუდვები ან საკანონმდებლო ცვლილებები არ მოგვცემს მკაფიო შედეგს, რადგან ამ კომპანიებისთვის გაუგებარი იქნება ამ შეზღუდვების არსი და არ არის კარგი, როცა ინდუსტრიის ნაწილისთვის რაიმე გაუგებარია. მექანიკური ჩარევით შეიძლება მოხდეს სახელწოდებების ცვლილება და გაქრეს მხედველობის არედან ის, რომ ისინი ვერტიკალურად ინტეგრირებულები არიან და რეალურად გააგრძელებენ მუშაობას. კომუნიკაცია, ანალიზი და ერთობლივი სწორი გადაწყვეტილებების მიღება არის გადამწყვეტი და არა საკუთრივ, ვერტიკალური ინტეგრაციის კრიმინალური ბუნება.


-ეთანხმებით თუ არა სავალდებულო კერძო დაზღვევის სისტემის არსებობას, უნდა იყვნენ თუ არა განვითარებულები ეს კომპანიები, რომლებიც ხარჯებს აარიდებენ სახელმწიფოს და უკეთეს სერვის შესთავაზებენ მომხმარებლებს და დასაქმებულებს?


- ჯანდაცვის ინდუსტრიაში კერძო სადაზღვევო ინდუსტრიის არსებობა აუცილებელია სწორი ბალანსისთვის. იგი ბევრ ქვეყანაში მოქმედებს და ესინი გამოირჩევიან იმით, რომ მაღალეკონომიკური შემოსავლის მქონე ქვეყნები არიან. ეს საკითხი რამდენჯერმე წამოიწია და შევეცდები, რომ საზოგადოებას იგი არა ერთი კუთხით, არამედ დამატებით სხვა კუთხეებიდან დავანახო. საკითხი დგას ასე, თუ კი შემოიღებენ სავალდებულო კერძო დაზღვევას, ამით სახელმწიფო ბიუჯეტს მიეცემა შვება. მოდით შევხედოთ მეორე კუთხით, თუ კი დამსაქმებელი, მაგალითად, წვრილი და საშუალო ბიზნესი გახდება ვალდებული, რომ კერძო დაზღვევით უზრუნველყოს თავისი თანამშრომელი და უყიდოს სადაზღვევო პოლისი ამას ხელფასის დაკლების ხარჯზე გააკეთებენ, იმიტომ, რომ მათ არ აქვთ იმდენი ფინანსური ბუფერი რომ ეს ტვირთი აიღონ თავის თავზე, ამიტომ მათ უნდა ვკითხოთ აზრი. მესამე და რეალურად, პრიორიტეტით პირველი საკითხი, დაბალი და საშუალო შემოსავლის ადამიანები არიან, რომლებიც ახლა ნაწილობრივ სარგებლობენ საყოველთაო ჯანდაცვის გარკვეული პაკეტით, თუ კი ისინი გადავლენ სავალდებულო კერძო დაზღვევაზე, მათაც უნდა ვკითხოთ, რამდენად მისაღებია მათთვის, რომ ან  ხელფასი დააკლდებათ ან თანაგადახდა მოუწევთ დამსაქმებელთან ერთად. ასე არ დგას საკითხი, რომ რატომ ვერ ხედავს სახელმწიფო სავალდებულო კერძო დაზღვევის უპირატესობას, არამც და არამც, აუცილებლად უნდა მიექცეს ამ ფაქტორებს ყურადღება.


-ექიმების კვალიფიკაცია მტკინვეული და აქტუალური საკითხია. როგორ შეაფასებთ მათი განათლების, კვალიფიკაციის დონეს, რამდენად დახვეწილია სერტიფიცირების სისტემა?


-გლობალურად, ექიმებისა და კლინიკების კვალიფიკაციის შეფასება რამდენიმე რაციონალური მეთოდით ხდება, როცა მიმდინარეობს, პაციენტების, ჰოსპიტალის მენეჯმენტის გამოკითხვა და ამ ექიმების მიმართულებით აღძრული ან სადაო შემთხვევების რაოდენობის შეჯამება.


ჩვენ მივდივართ ამ მიმართულებით, სრულყოფილად არ არის ჩამოყალიბებული, თუმცა, გვაქვს ასეთი მონაცემები. ქვეყნის ჯანდაცვის შეფასების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის პაციენტების როტაცია, ის თუ რამდენი პაციენტი გადის ქვეყნიდან და რამდენი შემოდის. საქართველოდან წელიწადში გადიოდა 500 პაციენტი და დომინანტი მიზეზი იყო ონკოლოგია, შემოდიოდა 10 ათასი პაციენტი და დომინანტი იყო დიაგნოსტიკური კვლევები და კარდიოლოგია, კარდიოქირურგია. გლობალურ ჯადაცვაში სიკვდილიანობის მთავარი მიზეზი არის გულსისხლძარღვთა სისტემა და მისით გამოწვეული გართულებები. ის კლავს უფრო მეტ ადამიანს, ვიდრე სხვა ყველა დანარჩენი მიზეზი ერთად აღებული. მთელს მსოფლიოში მინიმუმ 51% იღუპება გულსისხლძარღვთა დაავადებებით. პროფესიული ასოციაციების მიერ საქართველოში გაკეთებული ანალიზის თანახმად შემდეგი მრუდები გამოიყო: ევორკავშირისა და საქართველოს საშალო მონაცემები  გულსისხლძარღვთა სისტემით ადამიანთა ავადობისა და სიკვდილობის ბოლო სამი წლის განმავლობაში ძალიან მჭიდროდ დაუახლოვდა ერთმანეთს, რაც ნიშნავს რომ ეს მაჩვენებელი უმჯობესდება. ეს არის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი, რომ ქვეყანა სწორი გზით მიდის. იდეალური ჯანდაცვის სისტემა ჯერჯერობით ვერავინ ჩამოაყალიბა, მიუხედავად ფინანსური რესურსებისა და პოლიტიკური გადაწყვეტილებებისა, მაგრამ გზა, რომლითაც ქვეყნის სისტემა ვითარდება ცალსახად სწორია.


-რამდენად გაუმკლავდა საქართველოს ჯანდაცვის სისტემა პანდემიას, რამდენად გაუძლო ამ გამოწვევებს და რა იგეგმება სამომავლოდ?


- იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ჯერ კიდევ კოვიდ 19-ის პანდემიის პირობებში ვიმყოფებით, ფინალური შეფასების გაკეთება შეუძლებელია. შუალედური შეფასებით, ციფრები შედარებადია და არამარტო რეგიონის, არამედ სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ავადობა და სიკვდილიანობა ნაკლებია. ამის მიზეზი ჩემი აზრით, იყო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ბრწყინვალე მუშაობა, რომელმაც შეძლო ბევრი შემთხვევის პრევენცია. როდესაც ნახულობდა ერთ შემთხვას გადიოდა კვალზე, კონტაქტზე, გადაჰყავდა ის თვითზოლაციაში ან კარანტინში და არ აძლევდა საშუალებას ინფექციას, რომ გავრცელებულიყო კასკადურად. ამით მნიშვნელოვანი დარტყმა ააცილა ჰოსპიტალურ სექტორს. მეორე მნიშვნელოვანი მიზეზი არის უწყებათაშორისი კომუნიკაცია. ის ზომები, რომელიც აუცილებელი იყო ამ ტალღის შეკავებისთვის, შეუძლებელია, რომ საზოგადოებრივ ჯანდაცვას ან მთლიან ჯანდაცვას გაეკეთებინა. ეს კი სხვადასხვა სამთავრობო უწყებების კოორდინირებული მუშაობის შედეგი იყო. ამ ორმა ფაქტორმა დაიცვა ტალღა გავრცელებისკენ. გლობალურად დინამიურია პროცესი და მომავალი როგორი იქნება, ეს უახლოეს პერიოდში გამოჩნდება.


უახლოესი წლების განმავლობაში, თუ მომავალ 4 წელს ავიღებთ, ჩემი აზრით, კოვიდის პერიოდში ეკონომიკურ სიძნელეებთან ბრძოლა და ეკონომიკის აღდგენა  ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იქნება.


ვრცელი ინტერვიუ იხილეთ ვიდეოში





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up