პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, კომიტეტი 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს მხარს დაუჭერს.
ჯანდაცვის კომიტეტის წევრებმა ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტი სამუშაო რეჟიმში განიხილეს.
როგორც განხილვისას აღინიშნა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება მომავალი წლისთვის მნიშვნელოვნად იზრდება და მისი მოცულობა 5.5 მლრდ. ლარი იქნება.
„სამინისტროს დაფინანსება მნიშვნელოვნად იზრდება და მისი მოცულობა 5 563 მლნ. ლარს შეადგენს, რაც წინა წარმოდგენილ პროექტთან შედარებით 711 მლნ. ლარით მეტია. ბიუჯეტის პროექტში ასახულია კოვიდ 19-ით გამოწვეულ პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯები. რასაკვირველია, პანდემიიდან გამომდინარე, ყველაფრის პროგნოზირება რთულია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტში მაქსიმალურად გათვალისწინებულია ყველა შესაძლო დანახარჯი, რაც შეიძლება ამ პროცესს მოყვეს. საუბარია როგორც კლინიკების მართვაზე, ასევე საწოლფონდის დამატებითი რესურსების საჭიროებებზე და ვაქცინაციის პროგრამის ეფექტურად განხორციელებაზე“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
IPN.GE