საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მცხეთის მაჟორიტარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, თუ უმრავლესობის სხდომაზე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკუთარ კითვხებზე პასუხებს ვერ მიიღებს და ვინმე შეეცდება მასზე ზეწოლის განხორციელებას, არ გამორიცხავს, საპარლამენტო უმრავლესობის რიგები დატოვოს.
„ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპული საკითხი. სხდომაზე შევეცდები, დავაყენო ის კითხვები და ის რისკები გავაცნო არა მხოლოდ პარლამენტარებს, არამედ საზოგადოებასაც, რა რისკების წინაშეც შესაძლოა, ნაჩქარევი გადაწყვეტილებით დადგეს ქვეყანა. ამ კითხვებზე მოვითხოვ პასუხს, თუმცა თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ამ კითხვებზე ვერ იქნება ამომწურავი პასუხი, რომელიც გავლენას იქონიებს ჩემს გადაწყვეტილებაზე. არ დავუჭერ მხარს და თუ ვინმე შეეცდება, გადამარწმუნოს, ან მაიძულოს, ეს გადაწყვეტილება მივიღო, არ დამენანება და ამისთვის შემიძლია, დავტოვო მანდატი“ ,- აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ითხოვს, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის კანონპროექტის განხილვამდე უმრავლესობის სხდომა გაიმართოს.
1tv