ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა, რომ საქართველომ კორონავირუსის საწინააღმდეგო მაღალი ხარისხის ვაქცინა რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს.
ხუნდაძის თქმით, 18 იანვარს ქვეყნები, მათ შორის საქართველოც „კოვაქსში“ წარადგენს განაცხადს, სადაც ასახული უნდა იყოს ვაქცინის გამოყენების ინტერესი და სურვილი.
ხუნდაძის განმარტებით, არსებული გეგმის მიხედვით, თვის ბოლოს იქნება ვაქცინის განაწილების გადაწყვეტილებების პირველი ეტაპი. დიმიტრი ხუნდაძე იმედოვნებს, რომ საქართველო რიგში წინა პოზიციაზე აღმოჩნდება და ვაქცინას სწრაფად მიიღებს.
„ჩვენი დღევანდელი ინიციატივა არის იმ გეგმის ნაწილი, რომ რაც შეიძლება სწრაფად შემოვიტანოთ ქვეყანაში მაღალი ხარისხის ვაქცინა. 18 იანვარს ქვეყნები, მათ შორის საქართველოც „კოვაქსში“ წარადგენს განაცხადს, სადაც ასახული უნდა იყოს ვაქცინის გამოყენების ინტერესი და სურვილი. 19-28 იანვრისთვის ჯანმო (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია) გავი (ე.წ. გავის ალიანსი) და იუნისეფი (გაერო-ს ბავშვთა ფონდი) განიხილავსენ ქვეყნის განცხადებებს მის მიერ წარდგენილი ვაქცინის დანერგვის გეგმის საფუძველზე და თვის ბოლოს, ყოველ შემთხვევაში, გეგმა ასეთია, თვის ბოლოს იქნება პირველი ეტაპი განაწილების გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, ჩვენი ქვეყანა აღმოჩნდება ამ რიგში საკმაოდ წინა პოზიციაზე, ვგულისხმობ, სწრაფად მივიღებთ ვაქცინას“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე.
1tv.ge