„რეფორმების პირველმა ტალღამ ცხადად გვაჩვენა, რომ არავინ არსად წასულა. მეორე ტალღაც რეფორმების გვიჩვენებს, რომ არავინ არსად წავა. პირიქით ბაზარი მოწესრიგდება,“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
აღნიშნული განცხადება ქუმსიშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე კომენტირებისას გააკეთა. კერძოდ, თემა სპეციალისტების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს ეხებოდა, რომ ბანკების მიმართ ახალი რეგულაციები მოსახლეობას მევახშეებთან წასვლაზე მიუთითებს.
“მე შემიძლია ერთი რამ გითხრათ, როდესაც ჩვენ პირველი ტალღა გვქონდა და ჩვენ ონლაინ სესხებს ვებრძოდით გახსოვთ, რომ საშუალო საპროცენტო განაკვეთი ონლაინ სესხებზე ათასი პროცენტი და მეტი იყო. მაშინ გვაკრიტიკებდნენ და ამბობდნენ, რომ ხალხი შავ ბაზარზე წავიდოდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა,“ - განაცხადა ქუმსიშვილმა.
ეროვნული ბანკის მიერ მომზადებული ცვლილებები მოსახლეობაზე, შესაძლოა, სასიკეთოდ არ აისახოს, რადგან კრედიტებზე ახალი რეგულაციის შემოღების შემდეგ, 1 მლნ მომხმარებელს სესხით სარგებლობა შეეზღუდება. ამ მიზეზის გამო, ისინი სხვა დაფინანსების სხვა წყაროს მოძებნიან და პირად გამსესხებლებთან გადაინაცვლებენ.
სანამ საფინანსო ინსტიტუტები სესხებს გასცემენ, თვითდასაქმებულთა ფინანსური მდგომარეობა უნდა შეისწავლონ. განსაზღვრულია სესხის ზედა ზღვარი, რომლის ზევითაც ამ კატეგორიის ადამიანებზე სასურველია სესხი არ გაიცეს.
ეროვნული ბანკის სამუშაო დოკუმენტში წერია, რომ ტაქსისტის სესხის მოცულობამ სასურველია არ გადააჭარბოს 6000 ლარს; რეპეტიტორსა - ასევე 6000 ლარს; პროფილაქტიკის ხელოსანის კრედიტის მოცულობაც ასეთივეა და სასურველია, ბანკმა ამ კატეგორიაზე 6000 ლარზე მეტი არ გასცეს. ძიძის სესხი 2000 ლარის ფარგლებში უნდა იყოს, ხოლო დალაქს შეუძლეია მეტი აიღოს, ოღონდ სასურველია არ გადააჭარბოს 3500 ლარს. ფულადი გზავნილების მიმღებ პირთა სესხის მოცულობამ კი სასურველია არ გადააჭარბოს 2000 ლარს.
სებ-ის ცვლილება თვითდასაქმებულ ადამიანებს ეხება, მაგრამ სესხზე მოთხოვნა ამით ვერ შემცირდება. ხალხს ყოველთვის ენდომება ფული ისესხოს, რაც წაახალისებს ლომბარდებისა და კერძო გამსესხებლების ბაზარს. იქ კი სესხი გაცილებით უფრო ძვირია და საბოლოო ჯამში, გამოვა, რომ ადამიანს, რომელსაც უნდა აეღო ბანკში სესხი, წავა სხვაგან და საბოლოო ჯამში, გაცილებით მეტს გადაიხდის.
ლიკა გურაბანიძე