მდიდარი დემოკრატიების ჯგუფი, დიდი შვიდეული (G7) 5 მაისს იმსჯელებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების საკითხზე, მზარდი ზეწოლის ფონზე ვაქცინების განაწილების მოთხოვნით ღარიბი ქვეყნებისთვის, რომლებშიც იმუნიზაციის პროცესი ჩამორჩება.
ბრიტანეთის, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის და აშშ-ის წამყვანი დიპლომატები ლონდონში სამი დღის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებების ბოლოს COVID-19-ის პანდემიაზეც იმსჯელებენ. მდიდარი ქვეყნები ეყრდნობიან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) COVAX-ის სქემას, რომელიც ვაქცინებს უნაწილებს ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს.
აშშ COVAX-ს დაპირდა 4 მილიარდზე მეტ დოლარს - უფრო მეტს, ვიდრე სხვა რომელიმე ქვეყანა - თუმცა ბაიდენის ადმინისტრაცია თავს არიდებს მოწოდებებს შემსუბუქდეს ინტელექტუალური საკუთრების წესები, რათა უფრო იაფი ვაქცინების წარმოება გახდეს შესაძლებელი. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დომინიკ რააბის თქმით, ეს საკითხები ქმნის „ძალიან კარგ შესაძლებლობას“ დიდი შვიდეულისთვის და მისი პარტნიორებითვის, სამსჯელოდ და დადებითი პასუხების მისაღწევად.
მდიდარ ქვეყნებს სთხოვენ გააკეთონ მეტი, ვიდრე COVAX-ის მხარდაჭერაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, მსოფლიოს მომავალ წელს კიდევ 35-45 მილიარდი დოლარი დასჭირდება იმის უზრუნველსაყოფად, რომ ზრდასრული მოსახლეობის დიდი ნაწილი იმუნიზირებული იყოს.
www.radiotavisupleba.ge