პანდემიის პერიოდში G7–ის პირველი მორიგი სამიტი დიდ ბრიტანეთში კორნუოლის საგრაფოში პარასკევს, 11 ივნისს იხსნება. როგორც მოსალოდნელია, მთავარ თემად Covid-19–თან ბრძოლა განიხილება. უმსხვილესი ინდუსტრიული ქვეყნების ლიდერები მსოფლიოს ღარიბი ქვეყნებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 1 მლრდ დოზის გამოყოფის საკითხს განიხილავენ.
ბრიტანეთში ჩასულმა აშშ–ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ საშუალო და დაბალშემოსავლიტანი 92 ქვეყანა, ასევე აფრიკის კავშირი, ვაშინგტონისგან Pfizer–ის ვაქცინის 500 მლნ დოზას მიიღებენ. თავის მხრივ, ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა პირობა დადო, რომ მომავალი წლის ბოლომდე შეჭირვებულ ქვეყნებს 100 მლნ დოზა ვაქცინას გადასცემს.
აშშ–ისა და ბრიტანეთის ლიდერებმა პირველი პირისპირ შეხვედრაც გამართეს, რომლის შემდეგაც ჯონსონმა თეთრ სახლში ბაიდენის მოსვლას „შვება“ უწოდა. აშშ–ის პრეზიდენტმა და ბრიტანეთის პრემიერმა „ატლანტიკურ ქარტიას“ მოაწერეს ხელი, რომელიც მსოფლიოს ძირითად პრობლემებზე ორი ქვეყნის ერთობლივ მუშაობას ამყარებს. ბაიდენის თქმით, საუბარია ასწლეულის ძირითად გამოწვევებზე – კიბერუსაფრთხოება, ახალი ტექნოლოგიები, გლობალური ჯანდაცვა და კლიმატის ცვლილება.