საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საქართველოში ივნისის აქციების შემდეგ პირველ კვლევას აქვეყნებს. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, პირველი კვლევის მიხედვით, რომელიც საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა საქართველოში 2019 წლის ივნისის ანტირუსული საპროტესტო აქციების შემდეგ ჩაატარა,გამოკითხულთა 80%-მა ქვეყნის მასშტაბით უმთავრეს პრობლემებად დაასახელა უმუშევრობა, საცხოვრებელი ხარჯები და სიღარიბე.
„ზემოაღნიშული, ასევე, წარმოადგენს ყველაზე მთავარ პრობლემებს პიროვნულ დონეზეც. 50%-ის შეხედულებით, უმუშევრობა, დაბალი ხელფასები, სიღარიბე და ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობა არის მათი ოჯახებისთვის წუხილის ძირითადი მიზეზი. გარდა ამისა, რესპოდენტთა უმრავლესობა (59%) ეკონომიკურ პრობლემებს ყველაზე დიდ წინაღობად მიიჩნევს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის“,- აღნიშნულია კვლევაში.
ეკონომისტი ირაკლი მაკალათია IRI-ს კვლევებს ემხრობა და ამბობს, რომ ადამიანების სუბიექტური აღქმა ყოველთვის უფრო მწვავეა, ვიდრე ამას სტატისტიკა აჩვენებს.
„დიდი კვლევა არ სჭირდება, იმას რომ საქართველოში მთავარი პრობლემა უმუშევრობაა, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ქვეყანაში დიდი პრობლემაა სიღარიბე და შემოსავლების ნაკლებობა. ოფიციალურ სტატისტიკასა და სოციოლოგიურ გამოკითხვას შორის ყოველთვის იქნება დიდი აცდენა - ეს საქართველოში ჩატარდება, თუ სხვა ქვეყანაში, არ აქვს მნიშვნელობა. სუბიექტური აღქმა ყოველთვის უფრო მწვავეა, ვიდრე ამას სტატისტიკა აჩვენებს. მაგალითად, სოფელში უმუშევრობა უფრო დაბალ დონეზეა, მაგრამ სიღარიბე ბევრად მაღალია. უმუშევრობა პრობლემაა, მაგრამ „საქსტატის“ ინფორმაციით, უმუშევრობის მაჩვენებელი ძალიან დაბალ დონეზეა, არადა წესით ბევრად მაღალი უნდა იყოს. უმუშევრობის დონის 12.7%-იანი დონეში შედის ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა ანუ დასაქმებულები და ის ადამიანები რომლებიც ეძებენ სამსახურს და არ შედის ადამიანები, რომლებიც უმუშევრები არიან და არ ეძებენ სამსახურს. ამიტომ ეს მაჩვენებელი, რეალობას აცდენილია. ნამდვილად ვემხრობი ამ კვლევას და ყოველთვის ვამბობ, რომ უმუშევრობა უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე ეს ციფრებში ჩანს. უმუშევრობის განსაზღვრისას, აღსანიშნავია ისიც, რომ თვითდასაქმებულების 40%-მდე ოჯახურ საწარმოში უსასყიდლოდ მომუშავე პირია, შესაბამისად ადამიანები გასამრჯელოს არ იღებენ და მაინც დასაქმებულებად ითვლებიან“, - განმარტავს ირაკლი მაკალათია.
კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM), 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით. კვლევას კოორდინაციას უწევდა კვლევითი კომპანიის „ბალტიის კვლევები/გელაპის ორგანიზაციის“ წარმომადგენელი, დოქტორი რასა ალისაუსკიენე, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დაკვეთით. კვლევა განხორციელდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით რესპოდენტების საცხოვრებელ სახლებში. კვლევაში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1500-მა მცხოვრებმა, 18 წლის ასაკიდან.
ნინო თამაზაშვილი