დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის წევრებმა ევროკავშირიდან გასვლის ხელშეკრულების კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, კანონპროექტი ბრიტანელმა კანონმდებლებმა 330 ხმით 231-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს.
კანონპროექტი, რომელსაც მომავალ კვირას კენჭი ლორდთა პალატაში უნდა უყარონ, ბრიტანეთს ევროკავშირის 31 იანვარს დატოვებასთან აახლოვებს. შეთანხმების რატიფიცირება ევროპარლამენტმაც უნდა განახორციელოს.
კანონმდებლობა ევროკავშირის დანარჩენ 27 ქვეყანასთან ფართო პარტნიორობის შესათანხმებლად 11 თვიან გარდამავალ პერიოდს აწესებს.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ აღნიშნულ პერიოდში ყველა საკითხის შეთანხმება „არსებითად შეუძლებელია.“
შეგახსენებთ, რომ კანონმდებლებმა პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონისა და მისი წინამორბედის ტერეზა მეის მიერ შეთავაზებული „ბრექსითის“ გეგმა რამდენჯერმე ჩააგდეს. თუმცა, დეკემბერში გამართული არჩევნების შედეგად ბორის ჯონსონის მიერ პარლამენტში უმრავლესობის მოპოვების შემდეგ ცხადი გახდა, რომ კანონპროექტს პარლამენტი მხარს დაუჭერდა.
IPN.GE