დიდ ბრიტანეთში, თვითიზოლაციის წესის დამრღვევებისთვის £1000-იანი ჯარიმა დაწესდა. საქმე ეხებათ მოქალაქეებს, რომელთაც დაუდასტურდათ კოვიდინფექცია, ან ინფიცირებულთან ჰქონდათ კონტაქტი. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა.
ახალი წესები ინგლისში 28 სექტემბრიდან შევა ძალაში.
„ადამიანები, რომლებიც ამ წესის იგნორირებას შეეცდებიან, დიდი ჯარიმის წინაშე აღმოჩნდებიან“, - აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.
პირველ ეტაპზე ჯარიმა £1,000-ს გულისხმობს, თუმცა დარღვევის გამეორების შემთხვევაში ჯარიმა £10,000-მდე გაიზრდება.
ლონდონის მერმა, სადიკ ხანმა გუშინ განაცხადა, რომ კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, სულ უფრო სავარაუდოა, რომ ლონდონში შეზღუდვების დაწესება გახდება საჭირო.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge