დღის TOP10 საინტერესო ამბავი:
1. ხელისუფლებამ „ქამრები შემოიჭირა“ - გაზრდილი ხელფასები და მეტი დასაქმებული 2022 წლის ბიუჯეტში
საქართველოს პარლამენტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი მეორე მოსმენით უკვე განიხილა. გადამუშავებული პროექტის მიხედვით, საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი, წინა ვერსიასთან შედარებით, 342 500 000 ლარით გაიზარდა და 19 026 400 000 ლარით განისაზღვრა.
2. აუცრელი თანამშრომლების ტესტირების საფასურს ბიზნესი არ გადაიხდის
აუცრელი დასაქმებულების ტესტირების საფასურის გადახდას ბიზნესი არ აპირებს. კომპანიების ხელმძღვანელები ,,კომერსანტთან“ ამბობენ, რომ მომსახურების გადასახადის დაფარვა ანტივაქსერ თანამშრომლებს საკუთარი ჯიბიდან მოუწევთ.
3. ბიზნესი სასამართლო სისტემის სამართლიან რეფორმას ითხოვს
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნას ბიზნესში უკანონობად მიიჩნევენ. საუბარია მოსალოდნელ მძიმე შედეგზე, რასაც ეს პროცესი გამოიწვევს როგორც ბიზნესისთვის, ასევე რიგითი მოქალაქეებისთვისაც, ვინაიდან სამართლიანობის განცდა არავის ექნება ქვეყანაში.
4. უვადო „მწვანე სტატუსი“ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით არასწორია - „მარკო პოლო გუდაური“
1-ლი დეკემბრიდან სასტუმროებში, რესტორნებსა და ფიტნეს დარბაზებში მომხმარებლები ე.წ. მწვანე პასპორტის გარეშე შესვლას ვეღარ შეძლებენ. თუ როგორ აისახება ეს რეგულაცია მომხმარებელთა რაოდენობაზე “კომერსანტმა“ შეფასება სკი რეზორტის განვითარების მენეჯერს გვანცა მირზიაშვილს სთხოვა.
5. ნავთობის 6%-იანი ვარდნა ქართულ ბაზარზე სულ მცირე 10 დღეში აისახება
ნავთობპროდუქტების გაიაფების ტენდენციას საქართველოს ბაზარი ამჯერადაც დაგვიანებით უპასუხებს. დაახლოებით 10-14 დღიანი პერიოდია საჭირო, რომ საწვავის გაიაფების ტენდენცია ადგილობრივ ბაზარზეც დაიწყოს.
6. „დომინო“ მეხუთე წელია ზარალზეა - 2020 წელს კომპანიის ზარალი 7,1 მლნ ლარს შეადგენდა
რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის ჰიპერმარკეტი „დომინო“ - შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბრენდი, მეხუთე წელია ზარალზეა. ამის შესახებ კომპანიის 2020 წლის ინდივიდუალური ანგარიშიდან ირკვევა.
7. „საპარტნიორო ფონდის“ საქმიანობის დაფინანსება საბიუჯეტო სახსრებით არ უნდა განხორციელდეს - აფბა
„საპარტნიორო ფონდის“ დაფინანსების პრობლემა დღემდე გაურკვეველია - არსებობს კანონპროექტი, რომელიც ბიუჯეტის მიერ ფონდის დაფინანსებას გულისხმობს, თუმცა ეს კანონპროექტი საშემოდგომო სესიაზე პარლამენტს არ განუხილავს.
8. ტურიზმის ჩავარდნამ ღვინის ქართულ ბაზარზე გაყიდვები 35%-ით შეამცირა
როგორც ,,თელავის ღვინის მარნის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ზურაბ რამაზაშვილი ,,კომერსანტთან“ ამბობს, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით კლება დაახლოებით 30-35%-ის ფარგლებშია.
9. ვადაგასული სურსათის რეალიზატორი 3000 ლარით დაჯარიმდება
სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კუთხით გამოვლენილ დარღვევებზე სანქციები მკაცრდება. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
10. ზელენსკი: უკრაინაში 1-2 დეკემბერს სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ჩართულობით უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება.