„ჩემთვის დიდი პატივი, გამოწვევა და კარიერული განვითარებაა, მომეცეს შესაძლებლობა შევუერთდე ჩვენი ქვეყნის მაღალპროფესიონალთა გუნდს როგორც საბჭოს წევრი, იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი მხარს დამიჭერს. მადლობელი ვარ სალომე ზურაბიშვილს იმ ნდობისთვის, რომელიც მან გამომიცხადა“, — ამის შესახებ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა ნათია თურნავამ განაცხადა.
ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა ნათია თურნავამ მსოფლიოში არსებული მძიმე მდგომარეობის ფონზე ეროვნული ბანკის წინაშე მდგარ გამოწვევებზე ისაუბრა.
„დღეს მსოფლიოსთვის, რეგიონისთვის რთული პერიოდია და ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკისა და ეროვნული ბანკის წინაშე ახალი გამოწვევები დგას. ჩემი გამოცდილება და ეკონომიკური პოლიტიკის დეტალური ცოდნა, ის პროექტები, რომლის განხორციელება ჩვენ ეკონომიკურ გუნდთან ერთად მოვახერხეთ, ეს ყველაფერი ეროვნული ბანკის საქმიანობაში ჩემი დადებითი წვლილის შეტანის საშუალებას მომცემს. ყველაზე დიდი გამოწვევა, რასაც ჩვენ ვხედავთ და ამას ეროვნული ბანკიც ეთანხმება - ინფლაციაა, რომელიც ყველა განვითარებულ ქვეყანას დაუდგა. ჩვენი გამკაცრებული, ადექვატური მონეტარული პოლიტიკა არის ის, რაც ინფლაციას პასუხობს და შესაბამისად ეკონომიკის თანდათან გაჯანსაღების ფონზე, დარწმუნებულები ვართ ამ გამოწვევასაც ეტაპობრივად გადავლახავთ. ამ გამოწვევებით სავსე, მაგრამ ძალიან საინტერესო დროს, მინდა აღმოვჩნდე ეროვნული ბანკის საბჭოში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.