დღეს დილიდან თელავისა და გურჯაანის აგრარული ბაზარი დაიკეტება. „ქრონიკის“ ინფორმაციით, შესაბამისი რეკომენდაცია სურსათის უვნებლობის სამსახურმა გუშინ გასცა და ბაზრების ადმინისტრაციას შეატყობინა.
მუშაობის შეწყვეტასთან დაკავშირებით მოვაჭრეები გუშინ გააფრთხილეს. თემაზე თელავის მერი განცხადებას დღეს გააკეთებს.
დღეიდან ზუგდიდის, ფოთისა და სენაკის ბაზრებიც დაიკეტება. გადაწყვეტილება სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის ადმინისტრაციამ საკოორდინაციო საბჭოსთან მოლაპარაკების შედეგად მიიღო. მიზეზი უსაფრთხოების ნორმების დარღვევის რამდენიმე ფაქტი გახდა. მოვაჭრეები ვადის გახანგრძლივებას 10 აპრილამდე ითხოვენ. ქალაქის მერიის ინფორმაციით, ვირუსის გავრცელების საფრთხიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გადავადება არ განიხილება.
საქართველოში კორონავირუსი 174 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 36 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge