10 იანვრამდე პერიოდი უქმე დღეებად არის გამოცხადებული - შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ 22 დეკემბერს მიიღო. საბჭოს გადაწყვეტილება საჯარო დაწესებულებებს შეეხება, კერძო სტრუქტრურებს კი, მთავრობის ინფორმაციით, შეუძლიათ გადაწყვეტილება თავად მიიღონ.
იანვარში უქმე დღეების გამოცხადებასთან დაკავშირებით, მთავრობის დადგენილება საკანონმდებლო მაცნეზეც გამოქვეყნდა. როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის 2022 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დღეები და 8-9 იანვარი უქმე დღეებად განისაზღვრა.
„ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ/მის სისტემაში შემავალ სამსახურებს/მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება, თუ მათი ფუნქციების შესრულება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვისთვის, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას.
ეს დადგენილება არ ვრცელდება ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე, ასევე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე, მათ შორის, შესყიდვებთან დაკავშირებულ და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობაზე,“- აღნიშნულია დადგენილებაში.
BPN.GE