ხვალიდან მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის კორონავირუსის სიმპტომებზე შემოწმება დაიწყება. ამის შესახებ სოზარ სუბარმა „ქრონიკის“ სპეციალურ გამოშვებაში განაცხადა, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი მუნიციპალიტეტების მკაცრი კარანტინის რეჟიმზე გადასვლას კურირებს.
„დილიდან ჩვენ დავიწყებთ თვითმმართველობასთან ერთად, ექიმებთან ერთად მისვლას ყველა ოჯახი, რომ ყველა ადამიანი გავაფრთხილოთ და არა მხოლოდ გავაფრთხილოთ, არამედ გამოვკითხოთ, რამე სიმპტომები თუ კი ოდნავ მაინც სიმპტომები გამოვლინდება, მარნეული იქნება პირველი მუნიციპალიტეტი, სადაც დაიწყება ტესტირება ყველა შესაძლო ადამიანის“, - განაცხადა პრემიერის მრჩეველმა.
მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა. საზღვრებს პოლიცია აკონტროლებს.
21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 54 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან სამი ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა. სულ გამოჯანმრთელდა 8 პაციენტი. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა და კლინიკიდან უკვე გაეწერა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge