ბათუმის ბულვარში დღეიდან 3 სპეცკარავი განთავსდება, სადაც ნებისმიერ მსურველს კორონავირუსზე ნებაყოფლობითი ტესტირება შეეძლება.
ეპიდემიოლოგთა ყურადღების ცენტრში ახლა საკურორტო ზონები, კერძოდ კი ის ადგილებია, სადაც განსაკუთრებული ხალხმრავლობაა. დღეიდან დაიწყება აღწერაც, თუ რამდენი ღამის კლუბი და ბუნგალოა აჭარაში, ძირითადად კი ბათუმსა და ქობულეთში. შესაბამისად, ტურისტულ ზონებში არსებული კაფე-ბარების, რესტორნებისა და სასტუმროების პერსონალს სავალდებულო ტესტირება ჩაუტარდება.
გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ საკურორტო ზონებში ტურისტების რაოდენობის მომატების გამო მიიღო. ვინაიდან ზღვისპირეთში ტურიზმის სექტორი განსაკუთრებით აქტიურია, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საჭიროა მეტი სიფრთხილე, რის გამოც მათ პრევენციული ღონისძიებები ყველგან უნდა გაატარონ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის მოწოდებები - დისტანცია, ნიღბის ტარება და დიდი თავშეყრის თავიდან აცილება, კვლავ ძალაში რჩება.
imedinews.ge